“წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო” – ღარიბაშვილის “მაღალი ეკონომიკური ზრდა”

0
268

გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.

„დღეს მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მანამდე, მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,3%.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით, – 70%-ის ფარგლებში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი რისკები შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და, რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოში.

ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს; ასევე მინდა ვთქვა, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ით. ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ 7 თვეში, კვლავ ორნიშნა, 10.3%-იანი, ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

ამიტომ, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს შემდეგს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა; ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და “წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო”.

ღარიბაშვილის თქმით, “მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკითა და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ”.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე.
პირველი – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-თან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია.
ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი.” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიარუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დაიწყება – რა სიახლეები ელით მოსწავლეებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური