მოულოდნელი შეტევა და დაბრუნებული 400 კმ2 – რა ხდება ბალაკლეა-კუპიანსკის მიმართულებით

0
278

უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედრო უწყებების ხელმძღვანელობა ისევ დუმილის რეჟიმშია და არაფერს ამბობს იმ შეტევითი ოპერაციების შესახებ, რომელიც აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის, შემდეგ კი იზიუმის მიმართულებაზე წამოიწყეს. 

სამაგიეროდ, ინფორმაციას მწირად, მაგრამ მაინც აქვეყნებენ დასავლური ორგანიზაციები. მაგალითად, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინის არმიამ, ეფექტური მოქმედების შედეგად, საერთო ჯამში, 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, აქედან 300 ხერკოვის, 100 კი ხერსონის ოლქებში. 

სწორედ იმ დროს, როცა მტერი მთავარ დარტყმებს ხერსონის მიმართულებაზე ელოდა და, შესაბამისად, სწორედ იქეთ გადაისროლა დამატებითი ძალები, უკრაინამ მოულოდნელად შეცვალა პრიორიტეტი და შეტევა ბალაკლეის მიმართულებით დაიწყო. ხარკოვის ოლქში მდებარე ეს ქალაქი იზიუმის მიმართულების მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, თუმცა, უკრაინამ სხვა ტაქტიკა აირჩია: მან ქალაქზე შტურმი თავიდან აირიდა, ასევე თავი აარიდა ქუჩის ბრძოლებს, ქალაქს გვერდიდან მოუარა, მეორე მხრიდან ასევე დამატებითი ძალების მიერ წინსვლა დაიწყო და გზა გააგრძელა დასახლებული პუნქტებისკენ ბალაკლეა-კუპიანსკის გზაზე, ანუ ქალაქი ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა და დარჩა მხოლოდ ერთი გასასვლელი – გზა, რომელიც უკრაინელთა არტილერიის კონტროლქვეშაა და მუდმივად “იწმინდება”. 

თავად რუსული რესურსები ასე აღწერენ უკრაინელთა ტაქტიკას:

“ЗСУ მოქმედებს, როგორც სამხედრო საქმის მცოდნე. ისინი არ შედიან ქალაქის ქუჩის ბრძოლებში, უბრალოდ, გვერდზე იტო ებენ დასახლებებს და წინ მიიწევენ, ალყაში აქცევენ ჩვენებს და მერე არტილერიით უშენენ. მაგალითად, შევჩენკოვო ავიღოთ: მათ იქ, ჩვენი ძალების შესაჩერებლად, მცირე ჯგუფი დატოვეს, კოლონამ კი კუპიანსკისკენ გააგრძელა გზა. სიტუაცია ძალიან რთულია, საქმე ცუდადაა, ჩვენები უბრალოდ, ტოვებენ გამაგრებულ პოზიციებს და უკან იხევენ…”

სამხედრო მიმომხილველი კახა კვეკვესკირი წერს:

სხვადასხვა, არაოფიციალური წყაროებით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს შევჩენკოვეს (რომელიც ბალაკლეიდან 40 კილომეტრშია) და P07 ავტომაგისტრალით მიემართებიან აღმოსავლეთით, კუპიანსკისკენ, რომელიც შევჩენკოვედან 30-მდე კილომეტრშია. არ გამიკვირდება თუ საღამოს უკვე კუპიანსკთან იქნებიან.

კუპიანსკი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, რომელზეც რუსეთიდან მომავალი რკინიგზა და ორი ავტომაგისტრალი გადის. კუპიანსკზე კონტროლის დამყარებით უკრაინელები შეუწყვეტენ მომარაგებას რუსების მთელ დაჯგუფებას იზიუმში და ლუგანსკის ოლქის დიდ ნაწილს. ამის შემდეგ იზიუმის აღება, უკვე “ტექნიკის საქმეა”.

ამავე დროს, უკრაინული ძალების ნაწილი M03 და P78 გზებით ვესელოესკენ მიემართება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გზაჯვარედინია იზიუმის რაიონში.

ბუნებრივია, ხარკოვის ოლქში იზიუმის ფრონტის გარღვევა აიძულებს რუსებს ლუგანსკიდან დამატებითი ძალების გადასროლას. წერენ ლიმანიდან სამხედრო კოლონის გადაადგილებაზე ჩრდილოეთით, ბოროვასკენ, საიდანაც ის ალბათ ვესელესკენ ან კუპიანსკისკენ გააგრძელებს სვლას. მაგრამ ამავე დროს, ლიმანთან უკრაინელებმა ბოლო დღეებში ორ ადგილას გადაკვეთეს მდინარე სევერსკი დონეცი და ორ დასახლებაში შევიდნენ – ოზერნეში და სტარი კარავანში.

მართალია, არც ერთი ეს დასახლება რუსებს გამაგრებული არ ჰქონიათ და უკრაინული “დივერსიებიც” უფრო სიმბოლური იყო, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უკრაინელებს ლუგანსკის ფრონტის დასუსტება გათვლილი ექნებოდათ და სადაც კი “ხვრელს” დაინახავენ, ყველგან შეუტევენ. მოკლედ, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ლიმანთან (და ზოგადად იზიუმის სამხრეთიდან მთელ ფრონტზე) შეიძლება ძლიერი უკრაინული კონტრშეტევა ვიხილოთ.

წინა სტატიაგვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას 675 მილიონი დოლარის შეიარაღებას გადასცემს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური