“თავისუფალი რუსეთის” კონგრესზე ვანო მერაბიშვილი სიტყვით გამოვიდა

0
373

რიგაში, “თავისუფალი რუსეთის” კონგრესზე, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი სიტყვით გამოვიდა. 

მის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარი კასპაროვმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ალფრედ კოხმა, ოლექს არესტოვიჩმა და პუტინის სხვა კრიტიკოსებმა.

ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას “პრორუსული” უწოდა და განაცხადა, რომ ის უკრაინას “სრულად არ უჭერს მხარს”. 

“ჩვენ დავზარალდით რუსეთისგან, ლიდერები ვიყავით, ახლა კი აუტსაიდერები ვართ. საქართველოს ორმაგი გათავისუფლება სჭირდება – პრორუსული მთავრობისგან და რუსეთისგან”, – თქვა მან. 

ვანო მერაბიშვილმა გამოსვლისას 2008 წელიც გაიხსენა:

“მოგეხსენებათ, რუსული ტანკები პირველ 70 კილომეტრს შეუფერხებლად გადიან, შემდეგ კი ფუჭდებიან. აი, ეს 70 კილომეტრი თითქმის საქართველოს ნახევარია. მათ ფაქტობრივად მოწყვიტეს დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთს.

სწორად შეამჩნიეთ, რომ დასავლეთის მაშინდელი რეაგირება არაადეკვატური იყო. თუმცა, მსურს მადლობა გადავუხადო სახელმწიფოებს, რომელთა ლიდერებმაც იხსნეს თბილისი ოკუპაციისგან. მაშინ უკრაინის, ლიტვის, პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ და ქალაქის ცენტრში მიტინგი ჩაატარეს.

მთავარი კი ის იყო, რომ პრეზიდენტ ბუშის პოზიციამ უზრუნველყო რუსული ჯარების გაჩერება”, – დაამატა ვანო მერაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, “თავისუფალი რუსეთი” სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო დარია დუგინას მკვლელობაზე. ასევე, ამ ორგანიზაციას ჰყავს მოხალისეთა რაზმი უკრაინაში, რომელიც რუსეთის ალტერნატიული დროშით იბრძვის. 

წინა სტატიაჯოჯოხეთური ღამე მელიტოპოლში ოკუპანტებისთვის – სად რა მოხდა 1 სექტემბრის ღამით
შემდეგი სტატია“მაშინა ვრემენის”, გალკინსა და მელაძეს სპორტის სასახლემ დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური