სახალხო დამცველის შერჩევის არსებული წესი უნდა შენარჩუნდეს – ოპოზიცია

0
223

სახალხო დამცველის შერჩევის არსებული წესი უნდა შენარჩუნდეს – ოპოზიციას ხელისუფლების გეგმა სახალხო დამცველის შერჩევის შესახებ არ მოსწონს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა და მისი დისკრიმინაციულად დაკომპლექტება პროცესს სანდოობას უკარგავს და შესაბამისად, ისინი მხოლოდ იმ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ვისაც გავლენიანი მესამე სექტორი შეარჩევს.

ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს იმ პროცესს, რომელსაც იწყებს მმართველი გუნდი და აცხადებს, რომ არის რეალური საფრთხე, რომ ,,ოცნება” შეეცდება, თავისი ფავორიტი გაიყვანოს ომბუდსმენის თანამდებობაზე.

მზად ვართ, როგორც ყველაზე დიდი ფრაქცია, ვისაუბროთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და წარმოვადგინოთ არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ომბუდსმენის კანდიდატები.

თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს არ ექნება ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, მას არც ჩვენგან ექნება ნდობა- განაცხადა ფრაქცია ,,ენმ”-ს თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.

პარტიის ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, თვალსაზრისით, სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ფართო მხარდაჭერით და ის მხოლოდ ხელისუფლების მიერ არ უნდა იყოს არჩეული.

ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენი 6 ხმით, რომელიც პარლამენტში გვაქვს, მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება გამორჩეული, მაღალი პროფესიონალიზმით, რომლის დამოუკიდებლობის მიმართ არ იქნება არავითარი კითხვები, რადგან ერთადერთი ინსტიტუცია დარჩა ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელია და პარტიული გავლენები მასზე არ ვრცელდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდეს სახალხო დამცველი და ის არ იყოს ადამიანი, არჩეული მხოლოდ ხელისუფლების მიერ ერთპარტიულად – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

წინა სტატიაბორჯომში ტყის მასივი ისევ იწვის
შემდეგი სტატიაგოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური