“ეს “ტიტანიკი” თავის აისბერგთან 24 თებერვალს მიცურდა” – ზელენსკი რუსეთზე

0
284

უკრაინის იმ ნაწილებში, სადაც აქტიურ მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები აღინიშნება, დღე-ღამის განმავლობაში არცერთ მხარეს არ მოუპოვებია თვალშისაცემი უპირატესობა. როგორც უკრაინის არმიის გენშტაბი იტყობინება, რუსმა ოკუპანტებმა სცადეს ბახმუტისკენ შეტევის განხორციელება, თუმცა, დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა მათი მცდელობა, გაჭრილიყვნენ დასახლებულ პუნქტ ბლაგოდატნოეს მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში. მისი აზრით, პროცესი უკვე დაწყებულია: “ეს “ტიტანიკი” (რუსეთი,-რედ.) თავის “აისბერგთან” 24 თებერვალს მიცურდა, ახლა ჩაძირვის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ, ისაუბრა რა ომის მიმდინარეობაზე, განაცხადა, რომ “პუტინი უკვე დამარცხდა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვიმარჯვია”.

გამოცემა “გარდიანი” აქვეყნებს პროგნოზს, რა ელოდება უახლოეს პერიოდში წინ უკრაინას და დასავლეთს:

გამოცემა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩიხშია შესული და ინტენსივობა დაეცა, ომი მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

უკრაინას არ გააჩნია კონტრშეტევისთვის საჭირო ეფექტური საშუალებები, პარტიზანული რეიდები კი რუსეთის კრახის დასრულების ოპტიმისტური ვარიანტია.

რუსეთს ჯერაც სურს წინ გაჭრა, მაგრამ მისი ყურადღება გადართული იქნება ადრე დაპყრობილი ტერიტორიის შენარჩუნებაზე.

ზამთარი დააჩქარებს დევნილებთან დაკავშირებულ კრიზისს, ხოლო დასავლეთი უნდა ჩამოყალიბდეს, სურს უკრაინის გამარჯვება თუ უბრალოდ, სურს უკრაინამ გაუძლოს.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი სიურპრიზების გარეშე არც ამ დღე-ღამეს ჩაუვლია: ყირიმში უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს ულტრათანამედროვე, შეიარაღებაში 7-8 წლის წინ მიღებული რადიოლოკაციური სადგური, 55Zh6M Nebo-M-ი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს S-300-თან ერთად გაუნადგურეს. Nebo-M-ს სამიზნეების დაფიქსირება 600 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.

რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე, ომთან დაკავშირებულ შიდა პროცესებს, აღსანიშნავია, რომ ვლ. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ორ მილიონამდე გაიზარდოს არმიის შემადგენლობა, ხოლო ასევე სპეციალური განკარგულებით, ყველა სამხედრო პირი, რომელიც უკრაინაში მოქმედებს და ზედა რანგის ოფიცერია, უშუალოდ ვლ. პუტინს დაექვემდებარება.

საერთაშორისო არენაზე ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ის ფაქტია, რომ სულ მალე აშშ გამოაცხადებს რიგგარეშე მისიას უკრაინის ომთან დაკავშირებით და მისიის ხელმძღვანელად არმიის გენერალს დანიშნავს.

კიდევ ერთი ფაქტი: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ გადასცემს უკრაინას ისეთ შეიარაღებას, რისი საშუალებითაც მათ შეეძლებათ დარტყმები განახორციელონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად, გაეროს ექსპერტი საქართველოში 29 აგვისტოს ჩამოვა
შემდეგი სტატია“რომის პაპის განცხადებამ გული გაგვიტეხა…” – დიმიტრო კულება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური