ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მორიგ ჯერზე თავს ესხმის და საელჩოს განცხადებებს “გაურკვეველი ტიპის განცხადებებს” უწოდებს.
საუბარია საელჩოს განცხადებაზე ISFED-თან დაკავშირებით.
კობახიძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართული იყო რევოლუციურ პროცესში და როცა ამერიკის საელჩო მას ყველაზე სანდო ორგანიზაციას უწოდებს, ეს გასაკვირია”.
“როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED-ი მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED-ი აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ. როდესაც ამის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის ბუნებრივია, არის გასაკვირი. საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის”, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თქვა კობახიძემ.
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელეს გუშინ “ოცნებიდან” ოფიციალურად წამოსულმა დეპუტატებმა. ხუნდაძის, ყაველაშვილის, სუბარისა და მაჭარაშვილის ოთხეულმა ამერიკის საელჩო რევოლუციური სცენარში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და თქვეს: “ISFED ჩართულია რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელებაც აშშ-ის საელჩოს სურს”.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო. ამის გამო ამერიკის საელჩომ მმართველი გუნდი გააკრიტიკა.