“სუპერ პუმის” სამაშველო ოპერაციებში ვერ ვიყენებთ, 2011-ში შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე იყიდეს – შსს

0
267

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. უწყება განმარტავს, რომ “სუპერ პუმას” სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, რადგანს ის 2011 წელს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე შეიძინეს.

შსს-ს მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ “სუპერ პუმა” კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი.

“გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა – გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ ,,სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ,,სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,”ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა”, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია.

წინა სტატიაუშუალოდ მის გადაწყვეტილებას ველოდებით – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური