“ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ელჩზე თავდასხმით, თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას – კრამერი

0
201

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერის თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც აშშ-ის ელჩს ესხმიან თავს, ისინი თავს ესხმიან ამერიკის პრეზიდენტსა და მთელი მთავრობის წარმომადგენელს. ამ თემაზე ის “ამერიკის ხმას” ესაუბრა.

“ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.

ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი”, – ამბობს კრამერი.

კრამერმა “ამერიკის ხმასთან” ასევე ისაუბრა რიტორიკაზე, თითქოს ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და ამას სრული აბსურდი უწოდა. კრამერის თქმით, უხერხულია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მთავრობას აკრიტიკებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთს.

“ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“, – ამბობს კრამერი.

კრამერი ამბობს, რომ ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს “ქართული ოცნება” აქამდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, “რიტორიკა მძიმდება”.

“ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს”, – ამბობს კრამერი.

მისი განცხადებით, ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც.

წინა სტატიაბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ – ნიკა გვარამია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიალუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა პატიმრების მობილიზაცია დაიწყეს – ისინი ადგილობრივებს არ ენდობიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური