3 ივლისის აქციისთვის მზადება გრძელდება – კამპანიის “შინ ევროპისკენ” მონაწილეები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან

0
176

ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების მიუხედავად, სახალხო მოძრაობა 3 ივლისის აქციისთვის მზადებას განაგრძობს. “შინ ევროპისკენ” წევრები დემონსტრაციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან.

კამპანიის მიზანი დასავლური ღირებულებების მქონე საზოგადოების გაერთიანებაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი საბოლოოდ არ დაკარგოს.

გარკვეულ რეგიონებში შეხვედრები დღესაც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ხმაური იყო სამეგრელოში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პარტაქტივი მიუგზავნა. აგრესიულად განწყობილი პირები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ და ამბობდნენ, რომ საინფორმაციო კამპანიის მონაწილეები “ომი პარტიის” წარმომადგენლები არიან.

შეხვედრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, კამპანია გრძელდება. აქტივისტების თქმით, ახლა მთავარია ის გზა, რომელსაც საქართველო ირჩევს და მოსახლეობამ ეს კარგად იცის.

“გულწრფელად მინდა, რომ არ მივაქციო ყურადღება ამ ადამიანებს. აბსოლუტურად უმნიშვნელოა, არსებობს განსხვავებული მოსაზრების მქონე ხალხი, ზოგი დაქირავებული, ზოგი დავალებული და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ ხალხთან ვილაპარაკოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ მათთან”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი საღინაძემ.

ახალი მოძრაობის წევრები დღეს საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ აჭარის რეგიონშიც. ნინო ქათამაძე და გიორგი იოსელიანი მოსახლეობას ქობულეთის აგრარულ ბაზარში შეხვდა.

“ეს კამპანია მიზნად ისახავს, რომ ადამიანებთან ახლოს მივიდეთ და ვუთხრათ, თუ მართლა რა სიკეთე მოაქვს ევროპის გზას, ევროპის შიგნით ყოფნას. ზუსტად იციან ამ ადამიანებმა შრომის ფასი და ის, რომ დაუფასებელი შრომა ყველაზე დიდი გულისტკივილია ადამიანებისთვის. მარტო პარტიული აზრი ჩვენ ვერც ევროპაში წაგვიყვანს და ვერც ღირსეულად გავაგრძელებთ ცხოვრებას”, – თქვა ნინო ქათამაძემ.

აქტივისტების დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, მათ შორის გორში და ერგნეთში.

შეგახსენებთ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია.

წინა სტატიამარიუპოლის თეატრზე დარტყმა რუსების მიერ ჩადენილი აშკარა ომის დანაშაულია – Amnesty International
შემდეგი სტატიაარ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური