რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 288 ბავშვია დაღუპული, 527-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 218, ხარკოვის ოლქში – 166, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 971 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 194 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.