მთავარისიახლეებიმაიმუნის ყვავილით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა - NCDC ფაქტებს...

მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა – NCDC ფაქტებს ავრცელებს

Published on

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” მაიმუნის ყვავილის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ავრცელებს. დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს რესპუბლიკაში აღწერეს.

NCDC წერს, რომ მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.

მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ვირუსისგან ეფექტურად იცავს ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ აცრა, მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:

შესაძლო შემთხვევა
ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.

სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

დადასტურებული შემთხვევა
კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.

NCDC წერს, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...