მთავარისიახლეებიხალვაშის ახალი სარჩელი გვარამიას წინააღმდეგ - "რუსთავი 2"- ის მფლობელი 6,7 მილიონ...

ხალვაშის ახალი სარჩელი გვარამიას წინააღმდეგ – “რუსთავი 2”- ის მფლობელი 6,7 მილიონ ლარს ითხოვს

Published on

რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება – ბიზნესმენი ახალ სარჩელს ამზადებს და ნიკა გვარამიასგან და კახა დამენიასგან “რუსთავი 2”-ისთვის მიყენებული “ზარალის”, 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

“მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. “რუსთავი 2-ისთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2” კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...