უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მოუწოდებს იბრძოლონ მარიუპოლის გარნიზონისთვის, დაეხმარონ მათ გადარჩენაში.
ვოლინა “აზოვსტალის” ქარხანაში იბრძვის, რომელსაც რუსები ბომბავენ.
“მე საზღვაო ქვეითი ვარ.
სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს უკრაინის ნამდვილი სიყვარული! გიყვარდეს გაბედულად და უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, გიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, მე ვიგრძნობ წმინდა, უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ.
სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!!! საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც უყოყმანოდ წირავენ სიცოცხლეს სამშობლოსათვის. ისინი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იყოფენ ერთმანეთს რაც დარჩათ, რომლებიც ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან და, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველასათვის საერთო სიყვარული გვაქვს ჩვენი დედის – უკრაინის მიმართ! ჩვენ ვიბრძვით…
თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების სიტყვები აიძულებს მათ მოქმედებას, მაშინ მე მოვუწოდებ ბრძოლას მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, დაგვეხმაროთ უკრაინელი სამხედროების გამოყვანის პროცედურის დაწყებაში! საზღვაო ქვეითი – ყოველთვის ერთგული !!!” – ამბობს ვოლინა.
უკრაინაში ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი ისევ რუსების მთავარი სამიზნეა. უკრაინა ამბობს, რომ განუწყვეტლივ მიმდინარეობს “აზოვსტალის” დაბომბვა, სადაც ჯარსიკაცებთან ერთად ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ქარხანაში გამაგრებულები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.