რა არის, როგორი ისტორია აქვს, რას მოუტანს უკრაინას – ყველაფერი ლენდ-ლიზზე

0
413

✍️ ლაშა ბერულავა

აპრილის ბოლოს აშშ-ში მიიღეს „კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინის დემოკრატიის დასაცავად“.

რა არის ლენდ-ლიზი, როგორ იმუშავებს ის უკრაინისთვის, როგორ იმუშავა პირველად მიღების დროს – 1941 წლის მარტში, მოუწევს თუ არა გადახდა უკრაინას და რას ამბობენ ამ კანონზე რუსი პროპაგანდისტები – გადავხედოთ დეტალურად.

ლენდ-ლიზის შესახებ კანონი გულისხმობს, რომ აშშ-ს შეუძლია, წინასწარი გადახდის გარეშე მიაწოდოს კიევს შეიარაღება, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება.

ორიგინალი ლენდ-ლიზი 1941 წლის მარტში მიიღეს. შემონახულია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის გამოსვლა, სადაც ის ამბობს:

„დიქტატორებს ევროპაში და აზიაში არ მივცემთ ნებას, ეჭვი შეეპაროთ ჩვენს ერთიანობაში“.

თავდაპირველად ამერიკული სამხედრო შეიარაღების მიმღები ქვეყნები დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი იყვნენ, რომლებიც იმ დროს უკვე იბრძოდნენ გერმანიისა და იაპონიის წინააღმდეგ. ომის პირველ წლებში ტერმინი ლენდ-ლიზი არც არსებობდა, ამბობდნენ lease და lend.

უკვე 1943 წელს აშშ-მა გააფართოვა დახმარება და იარაღის მიწოდება დაიწყო სსრ კავშირისთვის. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ვაშინგტონის მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი რიტორიკა არ ჰქონდა და ამასთან, ცდილობდა, ნაცისტების დამარცხებაში მთავარი როლის შემსრულებლად ცალსახად წარმოეჩინა წითელი არმია, ვლ. პუტინის გამოსვლების არქივში ინახება მისი დადებითი გამოხმაურება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლენდ-ლიზის შესახებ:

„მარშალი ჟუკოვი ამბობდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, რომ ლენდ ლიზი რომ არ ყოფილიყო მაშინ, კიდევ ერთი ან ორი წელი მოგვიწევდა ომში ყოფნაო“, – ამბობდა ვლ. პუტინი ერთერთ ინტერვიუში, უკრაინაში ომის დაწყებამდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს კი აშშ-მა სსრ კავშირს მიაწოდა თითქმის 11,5 ათასი თვითმფრინავი, 12 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა, 420 ათასზე მეტი ავტომობილი. ამის გარდა, წითელმა არმიამ მიიღო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ავტომატური იარაღი, პისტოლეტები, შაშხანები, ასაფეთქებელი მოწყობილობები. ანალოგიურ შეიარაღებას, უფრო მცირე მოცულობით, სსრ კავშირს დიდი ბრიტანეთიც აწვდიდა.

ახალი, 2022 წლის ლენდ ლიზი აშშ-ს აძლევს უფლებას, შეიარაღება ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდოს არამხოლოდ უკრაინას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც, თუ მათ რუსეთის არმიის აგრესია დაემუქრებათ.

ამ დრომდე ამერიკის კანონმდებლობაში შეიარაღების კრედიტით გადაცემასთან დაკავშირებით არსებობდა ნორმა – 5 წლიანი ვადა დასაბრუნებლად, მაგრამ უკრაინისთვის გამონაკლისი დაუშვეს: დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, ანუ, უკრაინას დახმარებას აღმოუჩენენ იმდენი ხნის განმავლობაში, რაც მას სრული აღდგენისთვის დასჭირდება.

კანონი ლენდ-ლიზის შესახებ, პირველ რიგში, სწორედ შეიარაღების გადაცემას გულისხმობს, მაგრამ არამხოლოდ ამას: შეიარაღების, საბრძოლო მასალების, თვითმფრინავების, ხომალდების, კატარღებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გარდა, უკრაინას გადაეცემა ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვისაა აუცილებელი – ნებისმიერი საქონელი, სათადარიგო ნაწილები, მასალა და კომპონენტები, რაც საბოლოო პროდუქციის დასამზადებლად ან შესაკეთებლადაა საჭირო. აკრძალულია მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის, მისი კომპონენტების, ბირთვული მასალების გადაცემა.

უკრაინას შეუძლია მიიღოს სუპერთანამედროვე შეიარაღება, თვით საბრძოლო ავიაციაც კი. მეხუთე თაობის გამანადგურებლებზე, F-35-ებზე, ასევე ანტისარაკეტო კომპლექსებზე THAAD ცხდაია, ლაპარაკი არ არის, მაგრამ აშშ-ს შეუძლია უკრაინას გადასცეს უფრო მარტივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, მეოთხე თაობის, F-16 ტიპის გამანადგურებლები და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები.

რას ამბობენ რუსი პროპაგანდისტები? პირველ რიგში, მათ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ აშშ უკრაინას ჩამოსაწერ საქონელს აწვდის, რათა უტილიზაციის ხარჯი დაზოგოს – რუსული ფანტაზია მართლაც, უსაზღვროა. ამის გარდა, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ შეიარაღებისთვის კრედიტის თანხის გადახდა უკრაინელებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ. მაგრამ ეს ასე არ არის: ლენდ-ლიზი არ არის იჯარა და უკრაინას გადახდა არ უწევს, მან უნდა დააბრუნოს, ასე ვთქვათ, „მორჩენილი“ ტექნიკა, ანუ ის, რაც მთელი დარჩება ომის დასრულების მომენტისთვის. რაც უკრაინაში განადგურდება რუსი ოკუპანტების ხელით, იმ ტექნიკის საფასურის გადახდა უკრაინას არ მოუწევს.

წინა სტატია“პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ნიშნავს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას” – პავილიონისი
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური