უკრაინაში კონცენტრირებული რუსეთის არმიის დანაკარგებისა და ბრძოლისუნარიანობის სესახებ, სამხედრო საქმის სპეციალისტი კახა ესებუა აქვეყნებს პოსტს, სადაც აღწერს ელიტარულ ნაწილებს, მათ მდგომარეობას და განიხილავს, რა რესურსი დარჩა რუსეთს უკრაინასთან საბრძოლველად.
ძირითადად, კახა ესებუა მიიჩნევს, რომ მიდგომა, თითქოს რუსეთმა უკრაინაში გადაისროლა “საზარბაზნე ხორცი” და ელიტარული დანაყოფებს აწი გადაისვრის, არასწორია და სინამდვილეში, რუსეთის არმიის ელიტარულმა ნაწილებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს.
“რუსეთის ჯარი იყოფა 5 სამხედრო ოლქად – დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი. ძირითადი და ყველაზე ძლიერი ოლქებია სამხრეთი და დასავლეთი, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენსა და უკრაინის მიმართულებაზე. ისინი სრულად არიან აჟამად ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. თითო სამხედრო ოლქში საშუალოდ 2-3 არმიაა. თითოეულ არმიაში საშუალოდ 25-40 ათასი სამხედროა.
არმიები შედგება დივიზიებისგან, რომელშიც 10-12 ათასი სამხედროა. დივიზიები ბრიგადებისგან კომპლექტდება და ა.შ.
ახლა მოდი ჩამოვთვალოთ იმ გენერლების და მაღალი რანგის ოფიცრების სახელები და თანამდებობები, რომლებიც უკრაინაში უკვე დაიღუპნენ.
გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე. იქამდე იყო მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მეთაური. ცენტრალურ სამხედრო ოლქში სულ 2 არმიაა და აქედან ერთის მეთაურის მოადგილე ბრძოლის ველზე დაიღუპა. შეგახსენებთ, ეს ოლქი პასუხისმგებელია ცენტრალური აზიის მიმართულებაზე.
გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – იგივე 41-ე არმიის შტაბის უფროსი.
გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – 29-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური. ეს არმია აღმოსავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის, აი ჩინეთსა და იაპონიაზე რომ აგებს პასუხს.
გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. აღსანიშნავია, რომ ეს დივიზია დასავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის და სპეციალურად უკრაინაში შეჭრისთვის შექმნა.
გენერალ-ლეიტენანტი ანდროი მორდვიჩევი – მე-8 საერთო-საჯარისო არმიის მეთაური. ეს არმია ჩვენს, სამხრეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის. დაიღუპა ჩერნობაევკას (ხერსონი) აეროდრომზე. ამ აეროდრომზე უკვე ანეკდოტები დადის, 8-ჯერ გაანადგურეს იქ რუსეთის ძალები.
ვიცე-პოლოვნიკი დიმიტრი საფრონოვი – ცალკეული 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, ჩრდილოეთის სამხედრო ოლქიდან. მაგას არქტიკის მიმართულება ებარა, წესით.
ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი – მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე. გმირულად დაიღუპაო, ამბობენ.
პოლკოვნიკი კონსკანტინ ჟიჟევსკი – 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური. ეს პოლკი ლეგენდარული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის შემადგენლობაში შედის.
გენერალი მაგომეტ ტიშაევი – ჩეჩენი „გენერალი“, კადოროვის ძმა და მეგობარი. მეტის მასზე დაწერა არ ღირს.
კიდევ არაერთი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა უკრაინაში.
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსული არმიის სამეთაურო ჯაჭვის სერიოზული ნაწილია განადგურებული. ახლა ჩნდება კითხვა რატომ იღუპებიან ეს მაღალი რანგის სამხედროები ბრძოლაში? (შედარებისთვის – ამერიკამ ერაყისა და ავღანეთის კამპანიების განმავლობაში 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 1 გენერალი დაკარგა, ისიც არასაბრძოლო ვითარებაში).
პასუხი ასეთია – დაღუპული მეთაურების დიდი ნაწილი შედარებით „ნიაბსტრელინი“ ქვედანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ. ზოგადად, უკრაინაში რუსულ არმიას ერთი დიდი პრობლემა უდგას – პირად შემადგენლობას არ უნდა ომი. ამიტომ, მეთაურებს უწევთ პირადი მაგალითის ჩვენება უფრო დაბალი რანგის მეთაურებისთვის. როგორც ჩანს, ამას კრემლიდან დაჟინებით ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ „პირად მაგალითს“ ბევრმა რუსმა სამხედრომ მიბაძა და სამუდამოდ დარჩა უკრაინის მიწაზე.
რაც შეეხება უფრო გამოცდილ ქვედანაყოფებს, მათი მართვა და კონტროლი შედარებით უფრო აწყობილია და მათ მეთაურებს არ უწევთ წინა ხაზზე სირბილი. ზოგადად, ვიღაცას ეს წინა ხაზზე ყოფნა შეიძლება ვაჟკაცობად მოეჩვენოს. რეალურად ეს არის დიდი სისუსტე და არაკომპეტენტურობა. ამ გენერლებს წინა ხაზზე სარბენად ჰქონდათ დრო ახალგაზრდობაში, ახლა კი მათი ადგილი ზურგში, შტაბშია.
ახლა ავხსნი რა ძალა ჰყავდა რუსეთს მობილიზებული უკრაინის მიმართულებაზე. რუსეთის სახმელეთო ძალები დაახლოებით 280 ათასია, ოღნოდ ამაში შედის მზარეული, დარაჯი, ხელოსანი, დამლაგებელი და საერთოდ ყველა ცოცხალი ადამიანი. უკრაინის მიმართულებაზე მობილიზებული იყო მათი რეალური ძალის საუკეთესო 50-60%. ამ დროისთვის რუსეთი ცდილობს თავი მოუყაროს კიდევ 10-20%-ს, რომელთა მზადყოფნა პირველ ეშელონზე დაბალია.
სულ ესაა სანაქებო რუსული არმია, რომელსაც უზარმაზარი დანაკარგები აქვს. პირველი გვარდიული სატანკო არმია, თავის ტამანის და კანტემიროვის დივიზიებით უმძიმესი დანაკარგების გამო პრაქტიკულად გაყვანილია ბრძოლიდან გადაჯგუფებისთვის, 76-ე ფსკოვის დივიზიამ დიდი დანაკარგები მიიღო, იგივე ბედი ეწია 90-ე სატანკო დივიზიას და 35-ე მოტომსროლელ ბრიგადას. დიდი ზიანი მიადგა მე-200 მოტომსროლელ ბრიგადას. ჯამში, პირველი ეშელონის ძალების დაახლოებით 1/3 გაყვანილია ბრძოლიდან ამა თუ იმ მიზეზით”, – წერს კახა ესებუა.
_
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.
შეთავაზება: მობილური მოწყობილობებით უკრაინის შესახებ მოკლე და განახლებული ინფორმაციის 24/7 რეჟიმში გასაცნობად, გამოიწერეთ ტვ ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ტელეგრამ-არხი.