რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რომ მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს ბირთვული იარაღის გამოყენებით, ახალი ამბავი არ არის. მისი ბოლო ბრძანება ბირთვული ძალების საბრძოლო მორიგეობაზე გადაყვანის შესახებ იყო გაცემული.
უკრაინულმა გამოცემა “ობოზრევატელმა” გაარკვია, რამდენად რეალურია პუტინის მუქარა, რა ძალები დგას ამ მუქარის უკან და რით შეიძლება უპასუხოს ნატომ რუსულ ბირთვულ აგრესიას იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აგრესია სახეზე იქნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული იარაღის შესახებ არსებული მონაცემები მიახლოებითია – ზუსტი მონაცემები არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ არსებობს. ამერიკული წყაროების მონაცემებით, რუსეთს 5977 საბრძოლო ქობინი აქვს – მოწყობილობა, რომელიც იწვევს ბირთვულ აფეთქებას. ამასთან, სპეციალისტთა თქმით, 1500 რუსული ბომბის ექსპლუატაციის ვადა გასულია და დემონტაჟს ექვემდებარება.
დარჩენილი, დაახლოებით 4.500-დან უმრავლესობა სტრატეგიული ბირთვული იარაღია (ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად), ანუ, ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ქობინების გადატანა დიდ მანძილზე შეუძლიათ. სწორედ ეს იარაღი ითვლება ბირთვული ომის მთავარ იარაღად, დანარჩენი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ჯგუფშია და გამოიყენება ბრძოლის ველზე და ასევე, წყალზე.
ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთი ფლობს შორი მოქმედების რადიუსის ათასობით რაკეტას, რომელიც მზადაა გასააქტიურებლად. ექსპერტთა შეფასებით, დაახლოებით 1.500 რაკეტა უკვე განთავსებულია ბაზებზე, აეროდრომებსა თუ წყალქვეშა ნავებზე.
კიდევ რომელ ქვეყნებს აქვთ ბირთვული იარაღი? ე.წ. ბირთვულ კლუბში შედის 9 ქვეყანა: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ასევე, სავარაუდოდ, ისრაელი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდ. კორეა).
სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, 2017 წლის იანვრისთვის არსებული მდგომარეობით, ამ სახელმწიფოებს, ჯამში 15.000 ბირთვული ქობინი აქვთ, მაგრამ ისინი არათანაბრადაა გადანაწილებული და ყველაზე მეტს ქობინს აშშ და რუსეთი ფლობენ. მათზე პლანეტის ბირთვული რესურსის 93% მოდის.
ოფიციალურად, ბირთვულ სახელმწიფოებად ითვლება ის ქვეყნები, რომლებმაც 1968 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმება ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. ესენია აშშ, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. დანარჩენი სახელმწიფოები ამ შეთანხმებას არ შეერთებიან.
ჩრდილოეთ კორეა ამ შეთანხმებიდან გამოვიდა, ისრაელს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, რომ ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ მიიჩნევა, რომ თელ-ავივის შეიარაღებაში ის არის. ამას გარდა, აშშ დღემდე დარწმუნებულია, რომ ირანში მიმდინარეობს ატომური ბომბის დამზადების პროცესი, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ამ სახელმწიფოს ოფიციალური უარყოფა.
ქვეყნებზე გადანაწილების მიხედვით, საბრძოლო ქობინების რაოდენობა ასე გამოიყურება:
რუსეთი – 5977;
ნატო – 5943;
ჩინეთი – 350;
პაკისტანი – 165;
ინდოეთი – 160;
ჩრდ.კორეა – 20.
უკრაინას ბირთვული იარაღი არა აქვს და, ვლ. პუტინის ბრალდებების მიუხედავად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის ცდილობდა ან ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას.
მაშ ასე, მთავარი შეკითხვა: შეუძლია თუ არა ვლადიმირ პუტინს, ბირთვული ომი წამოიწყოს?
ამასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და ანალიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. მაგალითად, ცენტრალურევროპული უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიანა ბუჯერინი მიიჩნევს, რომ ყველა მინიშნება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე, დასავლეთისთვისაა გათვლილი და მათ აფრთხილებს, რომ ამ კონფლიქტში (რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ) არ ჩაერიოს.
“ცხადია, ვლ. პუტინის მიერ ტელევიზიით გაცემული ბრძანება აშშ-ის გასაგონად იყო გამიზნული, ასევე ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რათა მათ თავი შეეკავებინათ უკრაინის მხარდაჭერისგან”, – ამბობს Atlantic Council-ის საერთაშორისო სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე მეთიუ კრონიგი.
მისივე აზრით, პუტინის სიტყვები შეშფოთებას იწვევს, მაგრამ პროგნოზირებადი იყო. ბირთვული თემა – რუსეთის სამხედრო სტრატეგიის საკვანძო ნაწილია, რათა ის პოზიციონირებდეს, როგორც ბირთვული ზესახელმწიფო.
“ის ფაქტი, რომ კრემლი ახლა გამოხატავს მზადყოფნას, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, არ უნდა იწვევდეს გაოცებას მათში, ვინც რუსეთის სამხედრო დოქტრინას იცნობს.
პუტინის მუქარას ბლეფად მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება არამხოლოდ იმ ადამიანისთვის იქნება მომაკვდინებელი, ვინც მას გამოიყენებს, არამედ იმათთვისაც, ვინც ამ ადამიანისთვის ძვირფასია.
ცნობილი ჟურნალისტი, საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი კი მიიჩნევს, რომ ვლ. პუტინი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა, შესაძლოა, ატომური ბომბი ჩამოაგდოს ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაში. ექსპერტის აზრით, პუტინის სამიზნე, შესაძლოა, პოლონეთი გახდეს.
“უკრაინაზე ბირთვულ შეტევას რუსეთში ვერავინ გაიგებს და გაამართლებს. ვშიშობ, ის მზადაა ბირთვული დარტყმა მიაყენოს იმ ქვეყნებს, ვინც უკრაინას ეხმარებოდა, ნატოს წევრი ქვეყნების ჩათვლით”, – განაცხადა გროზევმა.
ანალოგიურად ფიქრობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი. მისი აზრით, ბლიცკრიგის ჩაშლის შემდეგ, დიდი ალბათობით, კრემლში განიხილება ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი, მაგრამ, ჟდანოვის თქმით, ამის გამო, პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნები უნდა იყვნენ შეშფოთებულები.
“თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დარტყმის ქვეშ იქნება ნატოს ქვეყნებიდან ერთერთი, რათა ალიანსმა უკან დაიხიოს. თუ ალიანსი გადაწყვეტს უპასუხოს ანალოგიურად, მაშინ ეს იქნება დარტყმების გაცვლა, თუ არ უპასუხებს – მშვიდობა ბირთვული კატასტროფის ზღვარზე”, – ამბობს ჟდანოვი.