მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ - ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი

რა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ – ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი

Published on

ქართველი სამხედრო ანალიტიკოსების ჯგუფში ფეისბუქზე ქვეყნდება შემაჯამებელი ანალიზი, რა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ. ანალიზში ახსნილია ის შესაძლო სცენარიც, რომლის განვითარება უკრაინაში უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.
გარკვეული შეჯამების დრო მოვიდა. ვცდილობ ხოლმე ადამიანურ ენაზე ავხსნა. ახლა სამხედრო სტრატეგიის რამდენიმე ტერმინს განვმარტავ, რომელსაც ქვემოთ გამოვიყენებ. წინასწარ გაფრთხილებთ – დიდი პოსტია.
კულმინაცია (Culmination) – მომენტი, როდესაც ომის ერთ-ერთ მხარეს აღარ გააჩნია უნარი გააგრძელოს ოპერაციები იმ სახით, რა სახითაც ახორციელებდა აქამდე. შეტევის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ამ მხარეს აღარ გააჩნია შეტევის შემდგომი გაგრძელების რესურსი და უნდა გადაერთოს თავდაცვაზე/პოზიციების შენარჩუნებაზე.
ოპერატიული პაუზა (Operational Pause) – ეს არის ოპერაციების შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის მიერ სხვადასხვა მიზეზით. ეს მიზეზი შეიძლება იყოს ჰუმანიტარული, ტაქტიკური, ლოგისტიკური და ა.შ.
ოპერატიული გეგმა (OPLAN) – სამხედრო ოპერაციების გეგმა, რომელიც იქმნება ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, დაზვერვის მიერ ფორმულირებულ საფრთხეებზე/პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასმულ ამოცანებზე საპასუხოდ.
ოპერატიული ბრძანება (OPORD) – ოპერატიული ბრძანება არის სამხედრო ოპერაციების დეტალური გეგმა, რომელიც ოპერატიული გეგმის საფუძველზე იქმნება. ეს ბრძანება იქმნება ყველა დონეზე დაწყებული გენერალური შტაბიდან, დამთავრებული ასეულით და ქვემოთ მათი პასუხისმგებლობის რაიონის და ამოცანის მიხედვით.
პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდები (Political/military assumptions) – ყველა ოპერატიული ბრძანება ემყარება პოლიტიკურ და სამხედრო ვარაუდებს. ეს ვარაუდები ყალიბდება დაზვერვის მონაცემების ანალიტიკოსების მიერ დამუშავებისა და პოლიტიკოსების მიერ მოწოდებული იმპერატივების მიხედვით.
პრაქტიკულად 2 კვირა გავიდა რუსული კამპანიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ. რუსულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ცალსახად დასვა ამოცანა, რომ ოპერაცია უნდა დასრულებულიყო უმოკლეს ვადებში და მას უნდა ჰქონოდა ძალიან კონკეტული პოლიტიკური შედეგები:
1. პოლიტიკური ცენტრის – კიევის გაუვნებელყოფა;
2. უკრაინის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარის მოსპობა;
3. დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა.
ამ ეტაპზე, ამ ამოცანებიდან არც ერთი შესრულებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია ჩაფლავდა.
რატომ მოხდა ასე? რუსეთს ხომ უკრაინაზე მნიშვნელოვნად უპირატესი შესაძლებლობები გააჩნია?
1. რუსეთმა დაიწყო ოპერაცია მისთვის ყველაზე არახელსაყრელ წელიწადის დროს. ამ დროს სტეპი ლღვება, ტალახდება. რუსეთის ძალების უპირატესობა უნდა ყოფილიყო იმაში, რომ მისი შეტევის მიმართულებები უნდა ყოფილიყო რთულად გამოსაცნობი, სატანკო ქვედანაყოფები უნდა გაშლილიყო სტეპზე და უკრაინის თავდაცვა მოულოდნელ მიმართულებებზე გაერღვიათ. რეალურად მოხდა ის, რომ ამინდმა შეზღუდა რუსული სამანევრო ძალები და აიძულა ევლოთ ასფალტირებულ გზებზე. ამან უკრაინის თავდაცვას მნიშვნელოვნად გაუმარტივა ამოცანები. კოლონებად დალაგებული ტექნიკა ადვილად ნადგურდება. გზა იხერგება და მთელი კოლონა ხვდება ცეცხლის ქვეშ.
2. არ არსებობდა მოულოდნელობის ეფექტი. რუსულმა არმიამ დაიწყო მოქმედება გამოცხადებული ომის პირობებში, როცა ამას ყველა ელოდა და ყველამ იცოდა როდის და როგორ მოხდებოდა ეს.
3. სადაზვერვო უპირატესობა – აშშ-ის დაზვერვამ ცალსახად რუს მეთაურებზე ადრე იცოდა მათი მოქმედებების შესახებ და ამ ინფორმაციას აწვდიდა უკრაინულ მხარეს. რუსული დაზვერვა როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე აჩვენებს ძალიან დაბალ შედეგებს, ქვედანაყოფები ხშირად ხვდებიან ჩასაფრებაში, სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები მოდმივად ნადგურდებიან, მანევრი პრაქტიკულად ვერ ადაპტირდება ახალ რეალობასთან, რომელიც პირველადი გეგმის ჩავარდნის შემდეგ დადგა.
4. მოტივაცია – რუსული არმია ბრძოლაში ჩაერთო ლამის 3 თვიანი საველე სწავლებების და გაურკვევლობის შემდეგ. ჯარი იყო დაღლილი და გაღიზიანებული. მან არ იცოდა ამოცანა და არ იცოდა მიზანი.
5. კორუფცია – ომმა გამოაჩინა, თუ რა დოზით ტყუილი იყო რუსული გადაირაღების პროგრამა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. პირველ ეტაპზე შედეგები დადგა, შემდეგ კი როგორც ჩანს ბიუჯეტი მთლიანად ჯიბეებში მიდიოდა. რუსული ტექნიკა უმძიმეს მდგომარეობაშია.
6. არასწორი სამხედრო და პოლიტიკური ვარაუდები, რომელზეც დაეფუძნა ოპერაცია. შეფასება, რომ 100+ კალიბრით შესაძლებელი იყო უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობის გატეხვა, რომ მოსახლეობა რუსულ არმიას შეეგებებოდა, რომ ხელისუფლება ჩამოიშლებოდა და გაიქცეოდა, რომ დასავლეთი რეალურ სანქციებს არ გამოიყენებდა და ა.შ. აღმოჩნდა მცდარი, შესაბამისად, ჩაფლავდა მთლიანი ოპერაცია.
7. უუნარო მეთაურობა – რუსულმა სამხედრო აზრმა თავის დროზე შექმნა ოპერატიული ხელოვნების ცნება. დღეს რუსულმავე არმიამ ეს ცნება ნაგვის ყუთში გადააგდო. რუსული არმიის მოქმედებები არის სწორხაზოვანი, არ ითვალისწინებს მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, არ ადაპტირდება რეალობასთან და ა.შ. მაგალითად, კოლონები გაადგილდება სრულიად დაუცველად, არტილერიის პოზიციების მოწყობა და დაცვა არ ხორციელდება საინჟინრო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ლოგისტიკა ვერ ეწევა ოპერატიულ ტემპს და ა.შ. ჯერ კიდევ წინა ხაზზე რჩებიან ომონის და როსგვარდიის ქვედანაყოფები, რომლებიც წესით უკან უნდა გამოყოლოდნენ არმიის ქვედანაყოფებს და დაკავებულ ტერიტორიებზე მიტინგები დაეშალათ. ისინი უბრალოდ უსახელოდ იღუპებიან ბრძოლის ველზე ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ იქ.
8. ლოგისტიკა – ტრადიციული აქილევსის ქუსლი ამ ომში კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ოდესმე. ლოგისტიკის ტემპი არ არის სინქრონიზებული სამანევრო ქვედანაყოფების ოპერატიულ ტემპთან, მოქმედებს დაუცველად, ხშირად ნადგურდება და ქვედანაყოფები მომარაგების არარსებობის გამო აგდებენ ოპერატიულ ტემპს და ხდებიან მოწყვლადები.
9. ტექნოლოგიების არქონა – ისეთმა ტაქტიკურმა შეიარაღებამ, როგორიცაა ჯაველინი და ენლაუს ტიპის ტანკსაწინააღდეგო რაკეტები და ბაირაკტარის ტიპის დამრტყმელი უპილოტოები მაინც შეიტანა ოპერატიულ სურათში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკრაინის სასარგებლოდ. რუსული მხრიდან ყველაზე მაღალტექნოლოგიური სისტემები, რაც გამოიყენება იყო კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, თუმცა მათი წარმოების დაბალი ტემპიდან გამომდინარე მათი მარაგები უკვე პრაქტიკულად გახარჯულია.
10. ავიაციის უუნარობა აწარმოოს კომპლექსური ოპერაციები – სირიის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ რუსული ავიაციის შეზღუდული მოქმედებები 1 ან 2 წყვილად. ეს მოქმედებები არ იყო მასშტაბური. როგორც ჩანს ეს არის რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების მაქსიმუმი. ისინი ავლენენ უუნარობას ერთობლივად აამოქმედონ რამდენიმე ათეული თვითმფრინავი სხვადასხვა მიმართულებაზე კოორდინირებულად, განსხვავებული ამოცანებით. ეს უფრო საშტაბო და პროცედურული პრობლემაა.
11. აქ უნდა გავჩერდე, რადგან გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.
რა ხდება ახლა? რუსეთმა თავისი საუკეთესო ქვედანაყოფები უკვე სრულად ჩართო ბრძოლაში. ყველა ახალი ქვედანაყოფი წინაზე ნაკლებ მომზადებული და უარესად დაკომპლექტებული იქნება. ამ ეტაპზე რუსულ არმიას ოპერატიული პაუზა აქვს აღებული. ოპერატიული პაუზის მიზანი რამდენიმეა, ესაა ლოგოსტიკის ჩამორჩენა, დიდი დანაკარგები და გადაჯგუფების/რეზერვების შევსების აუცილებლობა და კულმინაციის ხელოვნური გადავადება.
ამ ეტაპზე, რუსულმა შეტევამ პრაქტიკულად მიაღწია კულმინაციას, თუმცა რამდენიმე ოპერატიულ მიმართულებაზე მეორე ფაზა მაინც მოსალოდნელია, მათ შორის კიევზე. ამის შემდეგ იქმნება უკრაინული კონტრ-შეტევის შესაძლებლობა, თუმცა ჰაერში რუსეთის უპირატესობის პირობებში ეს ძალიან სახიფათო იქნება. ამიტომ დადგება გარკვეული პოზიციური ჩიხი, რაც თავისთავად მოითხოვს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.
ფაქტია, უკრაინამ გაძლო ამ ეტაპზე. წესით მათი შანსები წარმატებისთვის იმაზე მაღალია ახლა, ვიდრე ომის დაწყების წინ”, – აღნიშნულია ანალიზში.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...