Reuters: ამერიკელების 74% უკრაინის ცის დაკეტვის მომხრეა

0
232
Anti-war protesters shout slogans as they hold placards and a Ukranian flag during a demonstration against Russia's invasion of Ukraine in front of the NATO headquarters in Brussels on February 25, 2022, as NATO leaders hold an extraordinary virtual summit to discuss the security situation in and around Ukraine. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)
გამოცემა როიტერსის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-მ NATO-სთან ერთად რუსეთისგან დაცვის მიზნით უკრაინის ცა უნდა დაკეტოს. ამერიკელები ასევე მხარს უჭერენ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შეძენის შეწყვეტას.უკრაინის შესახებ გამოკითხვა კომპანია იფსოსმა ელექტრონულად ჩაატარა. მონაწილეობა 831-მა ზრდასრულმა მიიღო. როიტერსი აცხადებს, რომ ეს კვლევები ასახავს ამერიკელების უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ NATO-მ და აშშ-მ უკრაინის ცა უნდა დაკეტონ. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა შორის თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან, როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები.

თანაბრად ორპარტიულია ამერიკელების აზრი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა. აღსანიშნავია, რომ 62% აცხადებს, რომ მზადაა, მეტი გადაიხადოს გაზსა და საწვავში თუ ეს სხვა დემოკრატიული ქვეყნის დაცვას ემსახურება.

რაც შეეხება სანქციებზე აშშ-ის პოზიციას, ამერიკელების 81%-ს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, 77% კი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს აშშ-მ აქტივები უნდა გაუყინოს.

ამასთანავე, გამოკითხულთა 72%-ის აზრით აშშ უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს. თუმცა უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას ან უკრაინის ჯარების დასახმარებლად ამერიკის მხრიდან საჰაერო შეტევებს.

მოსახლეობის 74% აცხადებს, რომ აშშ-მ უნდა მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან, რაც, როგორც კვლევის ორგანიზატორები ამბობენ, მოულოდნელად მაღალი მაჩვენებელია.

ამ შედეგებიდან გამომდინარე, როიტერსი წერს, რომ იზრდება წნეხი აშშ-ის პრეზიდენტზე, რომ გაამკაცროს რუსეთისთვის სანქციები და გაზარდოს უკრაინისადმი მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით აშშ-ის კონგრესს უკვე მიმართა.

წინა სტატიაოკუპანტებს საომარი მოქმედებებისთვის რესურსი ამოეწურათ – უკრაინული მედია
შემდეგი სტატიარუსეთში საფლავებს თხრიან და უკრაინაში მოკლულ ჯარისკაცთა ცხედრებს ელიან [video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური