სირცხვილის გრძნობა მაქვს, სააკაშვილი ციხეში რომ უზით – ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

0
312

ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა. მან გამოსვლისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

“დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული ვარ მთლიანად. რას არ ვაპირებ იმის თქმა შემიძლია. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე. გვერდით მიდგას ჩემი მიზანი და ჩემი შვილები.

ერთი სიტყვით მინდა უბრალოდ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით, ცოტა მშურს.

მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია, აი, 41 წლის ვარ და არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ჯერ არაფერი მიკეთებია, ქვეყნის სამსახურის მეტი. ვის რა როგორ ესმის, სხვა საკითხია.

სირცხვილის გრძნობა მაქვს, ისეთი ქვეყნის მოქალაქე ვარ ვისაც ასეთი კაცი, [მიხეილ სააკაშვილი] აქ უზის, მრცხვენია, გაოგნებული ვარ “, – თქვა ბაჩო ახალაიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას 2014 წლის ოქტიმბერში 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბაჩო ახალაია 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2009 წლის 28 აგვისტოდან კი თავდაცვის მინისტრი, 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.

წინა სტატიასააკაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიაროგორ ვარდება ჭურვი ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციასთან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური