მოძრაობა “ხმა” ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ღია წერილით მიმართავს

0
284

მორაობა “ხმა” ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ღია წერილით მიმართავს. “გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი” – ამ სათაურით ორგანიზაცია ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც “ოდიშინიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის 2022 წლის 31 იანვრის N5 ბრძანების მიხედვით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა, დათვალიერება და სარგებლობა დაექვემდებარა სატარიფო სისტემას. ჩვენ შევისწავლეთ დოკუმენტაცია, რომელსაც ეფუძნება თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ თქვენ არ იყავით უფლებამოსილი მიგეღოთ ხსენებული ბრძანება. წარმოგიდგენთ შესაბამის დასაბუთებას და მოვითხოვთ, მიღებული ბრძანება საჯაროდ აღიაროთ არარა აქტად.

საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მუნიციპალიტეტის ქონების მართვის წესების დადგენას მიაკუთვნებს საკრებულოს უფლებამოსილებას. კერძოდ, კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ქონების არა მხოლოდ განკარგვის, არამედ მართვის წესების დადგენა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1061 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას.

მივიჩნევთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის, დათვალიერებისა და სარგებლობის წესის მიღება საჭიროებდა ნორმატიული აქტით მოწესრიგებას შემდეგ გარემოებათა გამო:

“ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, ნორმატიული აქტი არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს (მუხლი 5.2.). ამ დებულების თანახმად, ნორმატიული აქტით მოწესრიგების სფერო ისეთი ზოგადი წესების დადგენაა, რომლებიც მუდმივად ან დროებით და მრავალჯერადად გამოიყენება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც ნორმატიულ აქტს ინდივიდუალური აქტისგან განასხვავებს არის ის, რომ ნორმატიული აქტი შეიცავს მისი მუდმივი (ან დროებითი) და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს, ხოლო ინდივიდუალური აქტი ერთჯერადია და იგი მიიღება მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში (“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი).

ამ მსჯელობის საფუძველზე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის – მუნიციპალიტეტის ქონების – მართვის ისეთი წესი, რომელიც გულისხმობს ბოტანიკური ბაღით სარგებლობისთვის ტარიფის დაწესებას, თავისი არსით არის ზოგადი წესი; პირველი: იმიტომ, რომ ის მოქმედებს პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ – მაშასადამე, ის მოქმედებს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ისე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ; მეორე: იმიტომ, რომ ის ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს – ის გამოყენებული იქნება ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი ბოტანიკურ ბაღით სარგებლობას მოინდომებს.

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, მუნიციპალურ დონეზე ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს (მუხლი 5.2). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება არ აქვს არც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – მერიას და, მით უმეტეს, ასეთი უფლებამოსილება ვერ ექნება მერის მიერ დაფუძნებულ ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს.

ამ დასკვნის მართებულობას ვერ შეცვლის ის ფაქტი, რომ ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის წესდების მე-6 მუხლის მიხედვით, დირექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დირექტორი მერთან შეთანხმებით ამტკიცებს ტარიფებს; ვერ შეცვლის იმიტომ, რომ ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს თანახმად, არა თუ ააიპ-ის დირექტორი, არამედ პირდაპირი წესით არჩეული მერიც კი ვერ გამოსცემს ნორმატიულ აქტს, რადგან, “ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, არც მას გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება. დირექტორის უფლებამოსილება მხოლოდ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემითაა შემოფარგლული.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის წესდება დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის ინდივიდუალური (და არა ნორმატიული) სამართლებრივი აქტით. სამართლის საბაზისო პრინციპია, რომ ამა თუ იმ უფლებამოსილების სხვა ორგანოზე გადაცემა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც თავად გააჩნია ასეთი უფლებამოსილება. ამდენად, ბოტანიკური ბაღის დირექტორს მერთან შეთანხმება ვერ მიანიჭებს უფლებამოსილებას, მოაწესრიგოს ნორმატიული აქტით რეგულირების სფერო, მით უფრო, რომ ამგვარი შეთანხმება განხორციელდა სპეციალური კომისიის სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ მერის მიერ შექმნილი კომისია საერთოდ არ არის უფლებამოსილი მიიღოს რამე ტიპის აქტი, მას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია.

ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე ასევე გამოიკვეთა, რომ ზუგდიდის მერიაში ამ საკითხის განხილვის დროს საკრებულოს უფლებამოსილებაში შეჭრის საკითხი დაისვა. ბოტანიკური ბაღების დათვალიერების ტარიფების დადგენისა და შეღავათების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 10 იანვრის სხდომის N1 ოქმში მითითებულია, რომ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეთანხმების მიზნით უნდა გადაგზავნილიყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (გვ. 5); მიუხედავად ამისა, ამავე კომისიის 2022 წლის 11 იანვარს გამართული სხდომის N2 ოქმით კომისია შეთანხმდა, ტარიფები არ გადაეგზავნა ზუგდიდის საკრებულოსათვის (გვ. 2). სხდომის ოქმები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის წევრებისთვისაც კი სადავო იყო საკრებულოს უფლებამოსილების საკითხი ტარიფებზე მსჯელობისას.

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური აქტის სახით გამოცემა/მიღება და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული სახით მიღება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით, სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე არარად ითვლება, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; ამავე მუხლის მიხედვით, გამომცემი ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი.

ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის 2022 წლის 31 იანვრის N5 ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და, ამდენად, უნდა გაუქმდეს. თქვენი პასუხის მიღების შემდეგ გადავწყვეტთ, საჭიროა თუ არა დავა გავაგრძელოთ სასამართლო წესით.”- წერია წერილში

წინა სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის სახლი გაქურდეს
შემდეგი სტატიაგენადი ბესტაევი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური