პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. დეპუტატები ელენე ხოშტარიასთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეჩერებას განიხილავენ.
ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ხოშტარია-ნათელაშვილის შემთხვევაში ხელისუფლება მიზეზად სხდომების გაცდენას ასახელებს.
“არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უფლებამოსილება იქნეს შეწყვეტილი, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული “ქართული ოცნების” მიერ, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
კომიტეტი ამავე სხდომაზე განიხილავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას წერილობით მიმართვას მანდატის შეწყვეტაზე.