მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 9-პუნქტიან ხედვას აქვეყნებს

0
314

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური განვითარების გეგმის თეზისებს აქვეყნებს. მან 9-პუნქტიან ხედვაში დაწერა, რა წარმოუდგენია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობად.

“ტყუილია რომ ჩვენ არ გვაქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაუმტკიცებია რომ მას ძალიან ბევრი რამის ძალა შესწევს და ის იმსახურებს საუკეთესოს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, მეზობელ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური მოდელი შექმნას და გახდეს დიდი რეგიონის ინფრასტრუქტურული/ლოჯისტიკური, ტურიზმის და გართობის, განათლების, ჯანდაცვის და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის კეთების ცენტრი.

“ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა”, – წერს სააკაშვილი.

სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია

სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა ვერ დაიცავს ინვესტორის უფლებებს, რადგან ის დამოკიდებულია “ფინანსურ კლანზე”. მისი აზრით, სწორედ ამის გამო ინვესტორების შემოსვლა არარეალურია.

“აღარ იარსებებს საქმეების მრავალწლიანი გაწელვის პრაქტიკა, რაც ხშირად არანაკლებ აზიანებს მოქალაქეებს და ინვესტორებს, ვიდრე თავად არასამართლიანი გადაწყვეტილება”, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაუშვას ინგლისური სამართლის შეუზღუდავი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველანაირი კომერციული გარიგებისთვის და მხარეებმა თვითონ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ დავას.

დეოლიგარქიზაციის კანონი

სააკაშვილის ხედვით, პარტიის დაფუძნება, დაფინანსება ან მის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩართვა უნდა აეკრძალოს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 5 პროცენტზე მეტი თანხის ქონებას.

“ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. ჩვენ საქართველოში გვჭირდება ბევრი შეძლებული მოქალაქე, მაგრამ ბევრი მოქალაქის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება თუ ქვეყანაში მონოპოლია აქვს ერთ ან რამდენიმე სუბიექტს, რომლებიც მონოპოლიის შესანარჩუნებლად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს, და პირიქით, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით ქმნის მონოპოლიებს. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება”, – წერს სააკაშვილი.

ენერგეტიკული განვითარება

სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ჰესები უნდა აშენდეს, თუმცა კვალიფიციური ანალიზის შემდეგ:

“მცირე და მიკროჰესები – ესაა უნდა იყოს ჩვენი ჰიდროენერგეტიკის მთავარი ხერხემალი. ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკაში, უმნიშვნელოვანესი და, დროთა განმავლობაში, წამყვანი როლი უნდა დაეკისროს ქარის და მზის ენერგიის გამოყენებას. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ინვესტორების მოზიდვა და ამისთვის მათთვის ხელსაყრელი საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათების შექმნა”.

მისი თქმით, ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთი პრობლემაა ბიტკოინების გამომუშავება – “არ მუშაობს სახელმწიფოს მხრიდან პროცესის ზედამხედველობის და საგადასახადო მონიტორინგის არანაირი მექანიზმი”.

“არადა, ბიტკოინების ქარხნები, სწორედაც რომ შეიძლება სასარგებლო გამოდგეს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. თუ სახელმწიფო აკრძალავს ბიტკოინების მასიურ წარმოებას ყველასთვის, გარდა იმისა, ვინც ქარის და მზის ენერგიის წარმოებაში ჩადებს ინვესტიციებს”, – აცხადებს ის.

ბიუროკრატია ხალხისთვის, არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება

ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სექტორი ეკონომიკური ზრდის შეფერხების მთავარი მიზეზია. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ მომსახურებაზე უნდა გადავიდეს.

“საბიუჯეტო სექტორში ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანებს პარტიული ან ნათესაური ნიშნით ასაქმებენ, გვაკარგვინებს 2-3 სამუშაო ადგილს კერძო სექტორში… ჩვენ გვჭირდება მცირე და ეფექტიანი ბიუროკრატია, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა პირიქით, ხალხი გაიღებს ყველაფერს ბიუროკრატიის შესანახად. ბიუროკრატიის ფართომასშტაბიანი რეფორმის შედეგად უნდა გაიზარდოს ხელფასი მათ ვინც რეალურად და პატიოსნად ემსახურება ქვეყანას”, – წერს ის.

ერთი გადასახადის პრინციპი

სააკაშვილის ხედვით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას “ერთი გადასახადის” პრინციპი, რაც იქნება ყველასთვის გასაგები და ამავდროულად შეამცირებს საგადასახადო დავებს:

“ერთი გადასახადის პრინციპი კომპანიებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს აღრიცხვიანობის პროცესს, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწევს დღევანდელ დღეს ორგანიზაციებს… ახლა საგადასახადო წნეხის შემცირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, რაც ბიზნესს დაცულად აგრძნობინებს თავს”.

ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური განვითარების ხედვაში საუბარია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყებაზე, მათ შორის სწრაფ რკინიგზაზე.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია პატარა ზომის აეროპორტები აშენდეს ყველა ქალაქში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც საკურორტო ზონებია.

“ჰაბის ცენტრი უნდა გახდეს საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი – ქუთაისი და იქ აშენდეს მთავარი მძლავრი, მრავალტერმინალიანი აეროპორტი. ქუთაისის აეროპორტზე უნდა გადიოდეს ხსენებული სწრაფი რკინიგზა, რომლითაც ერთ საათში ჩახვალ თბილისშიც, ბათუმშიც, და ზუგდიდი (ლაზიკა/ანაკლია)”, – აცხადებს სააკაშვილი.

ლაზიკა

ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციის მიზიდვის ადგილად სააკაშვილს ლაზიკა წარმოუდგენია. მისი გათვლით, მაქსიმუმ 10 წელიწადში შესაძლებელი გახდება 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ქალაქსა და მის გარშემო გაშლილ პროექტებში.

“დასავლეთ საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი, რომელიც იქნება მისი ფინანსური დედაქალაქი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველები გადავამისამართოთ არა პოლონეთში ან თურქეთში, არამედ ქვეყნის შიგნით გავაჩინოთ ახალი დიდი ლოჯისტიკური, ტურისტული, ფინანსური, საწარმოო ცენტრი, სადაც ადამიანებს ექნებათ დიდი შემოსავალი”, – ამბობს სააკაშვილი.

სოფლის მეურნეობა

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამბობს, რომ უნიკალური ბუნების გამო, საქართველოში დიდი პოტენციალია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

“სოფლის მეურნეობაში მთავრობის მთავარი როლია ახალი ტექნოლოგიების – როგორც ტექნიკის, ასევე ახალი კულტურების და ჯიშების შემოტანა… გლეხებს უნდა ვასწავლოთ, ერთის მხირვ, უფრო მარტივად და, მეორეს მხრივ უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის თუ ნამატის მიღება…

უნდა ვეცადოთ შევამციროთ შუამავლების რაოდენობა სოფლის მეურნეობის სფეროში და გლეხებმა თავად შეძლონ გახსნან მომცრო ზომის ქარხნები ან შეიძინონ დანადგარები, რათა თავადვე შექმნან საბოლოო პროდუქცია, რომელიც გავა ექსპორტზე უფრო მაღალ ფასად ვიდრე პირდაპირ ნედლეული”, – წერს სააკაშვილი.

ქართული სილიკონის ველი

მიხეილ სააკაშვილის ხედვით, აუცილებელია დედაქალაქთან ახლოს მდებარე რომელიმე ქალაქი, მაგალითად, რუსთავი, გამოცხადდეს ნულოვანი გადასახადების ზონად და საინვესტიციო ვალდებულებით სიმბოლურ ფასად გაიყიდოს მიტოვებული ფაბრიკა-ქარხნები.

“შემოსული კომპანიებისთვის ქართული სილიკონის ველი უნდა გახდეს უსაფრთხო და კომფორტულ სამოთხედ. საპასუხოდ, მივიღოთ ქართველი ახალგაზრდობის დასაქმება, კვალიფიკაციის ამაღლება და მსოფლიო დონეზე გასვლა… ახალ ტექნოლოგიებში შემოსული ფული, შემოიტანს ახალ ცოდნას, მრავალ ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს და ახალ პერსპექტივებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიასპეცოპერაცია სირიაში – ამერიკელმა სამხედროებმა ISIS-ის ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს
შემდეგი სტატია22 263 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი – 4 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური