ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – კელი დეგნანი ანაკლიის პორტზე

0
462

ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ასე აფასებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნას და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ქვეყნის სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრის დროს, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის.

განცხადებები, ამერიკელმა დიპლომატმა, შავის ზღვის გამოწვევების თემაზე გამართულ, ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა, რომელშიც კელი დეგნანის გარდა, სხვა ამერიკელი ანალიტიკოსები და ყოფილი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.

“რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი, სადაც პორტი მოვინახულე და ეს ადგილი ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის, თუმცა ამის შემდეგ ანაკლიაში ჩავედი და ის ადგილი დავათვალიერე პორტი რომ უნდა ყოფილიყო და გული მეტკინა. წელს იქ ნავსადგური გახსნილი უნდა ყოფილიყო და გემებიც უნდა მოძრაობდეს. ეს ადგილი ბიზნესისთვის უნდა ყოფილიყო გახსნილი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იხსნება რეგიონი და საქართველოს უნდა ჰქონდეს რაღაც, რასაც მაგიდაზე დადებს და პარტნიორებს შესთავაზებს. ფოთისა და ბათუმის პორტებთან ერთად, ანაკლიაც რომ იყოს, საქართველოს მართლაც ბევრი რამ ექნებოდა შესათავაზებელი”,- თქვა კელი დეგნანმა.

რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული შეთავაზებები საერთაშორისო პარტნიორების მიმართ – ამ საკითხების განხილვის დროს, შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ საქართველომ, დასავლეთს კონკრეტული წინადადებები უნდა შესთავაზოს.

“გეოგრაფიამ მისცა შესაძლებლობა საქართველოს, რომ მართლაც იყოთ კარიბჭე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ამისთვის პორტი გჭირდებათ, რომელიც დიდ გემებს მიიღებს. ამის გარეშე საქართველო ყოველთვის მეორეხარისხოვანი ქვეყანა იქნება და ამერიკასა და ნატოსაც ნაკლები ინტერესი ექნებათ, რომ ამ ქვეყნებში შევიდნენ… როდესაც კენტუკის შტატში გადადიხარ წერია : “ჩვენ გახსნილი ვართ ბიზნესისთვის” ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს ბიზნესისთვის, არის კი საქართველო დღეს ასე გახსნილი ბიზნესისთვის”,- ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის პროექტს, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, დაახლოებით ორი წელია “ოცნების” ხელშეწყობით ჩავარდა. ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე წლების განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა.

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში – ეს კითხვა მამუკა ხაზარაძის თქმით, ოლიგარქმა ივანიშვილმა მას დაუსვა, შესაბამისად, კონსორციუმის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი ვერ აშენდება.

წინა სტატიასკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება
შემდეგი სტატიაჰოჯესი: საქართველომ უნდა აიმაღლოს ხმა, რომ რუსეთი აგრესორია და ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური