“თამარ ქომეთიანს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა”- ზუგდიდის მ/ა სასახლე პოლიტიკურ ფაქტორს უარყოფს

0
394

ზუგდიდის მერიის ააიპ-ის “მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, თამარ ქომეთიანი აცხადებს, რომ ის სამსახურიდან ექსპრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ქომეთიანის თქმით, ამ პოზიციაზე ის 2021 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში კი მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, იბარებდნენ კაბინეტში მოთხოვნით, რომ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა.

ააიპ-ის დირექტორის, დავით შამათავას გადაწყვეტილებით, თამარ ქომეთიანის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოწურვის შემდეგ აღარ გაუგრძელეს. ამის შესახებ მიმდინარე წლის 8 იანვარს შეიტყო.
თამარ ქომეთიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ორი თანამშრომლის გარდა ყველას გაუგრძელეს, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. მის შემცვლელად კი მისივე ინფორმაციით, დანიშნეს “არასრული საშუალო განათლების და საეჭვო კოლეჯის დიპლომის მქონე ადამიანი”, მხოლოდ იმიტომ, რომ ის “ქართული ოცნების” აქტივისტია.

ქომეთიანი წერს, რომ გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. კორონავირუსის შემდგომი გართულებების გამო, რომელიც ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა ფილტვების 80 %-ნი დაზიანებით. ამ გარემოებების უგულვებელყოფით კი, მაინც დაითხოვეს სამსახურიდან.

“ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვარ გიორგი გახარიას მხარდამჭერი. დიახ! ვარ გიორგი გახარიას მხარდამჭერი, მერე რა? რომელს მოგებოდიშოთ? მე ჩემი აზრი გამაჩნია!

ზეწოლის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ჩემი პოლიტიკური მრწამსი ვერ შეარყიეს, მთელი პერიოდის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლებით, ჩემი ოჯახი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩემი ორი უმუშევარი შვილისა და ჟანგბადის აპარატზე დამოკიდებული მეუღლით. მებადება კითხვა , აქვს თუ არა ბატონ დავითს მორალური უფლება იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, რომელსაც აცვია სტიქარი და არის სტიქარს ამოფარებული ფარისეველი მთელი მისი ცხოვრებითა და საქმიანობით?”, – წერს ქომეთიანი.

თამარ ქომეთიანი ადრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში მუშაობდა, საიდანაც გაათავისუფლეს. მან ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, ის არც ამჯერად აპირებს დათმობას.
რაც შეეხება მ/ა სასახლეს “ოდიშინიუსი” სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ქომეთინს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ამის გამო მოხდა მისი გაშვება სამსახურიდან, არანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მიზეზი ამ ფაქტს არ ქონია – აცახდებენ მ/ა სასახლეში.

წინა სტატიაFacebook-ში დაშიფრული მიმოწერის “დასქრინვაზე” ადრესატი შეტყობინებას მიიღებს
შემდეგი სტატიაორხევში ბულდოზერმა სახლებს გადაუარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური