,,ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ტექსტში გამოცხადებულია სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის მიმართ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი რუსეთზე, მის აგრესორულ ზრახვებზე.
შესაბამისად, შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მხარდამჭერ ტექსტზე ვერ შედგა – ოპოზიცია იმედს გამოთქვამდა, რომ ერთობლივ ტექსტში ხაზი იქნებოდა გასმული რუსულ აგრესიაზე, თუმცა, საბოლოო შეხვედრისას გაირკვა, მმართველმა პარტიამ სულ სხვა დოკუმენტი წარუდგინა ოპონენტებს.
“ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტია აწერს ხელს, წერია:
“საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“- წერია რეზოლუციის ტექსტში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტად რბილი პოზიციაა საქართველოს მხრიდან. შესაბამისად, მას ოპონენტები ხელს არ მოაწერენ. ამის გამო უკრაინას 2 სახის რეზოლუცია გაეგზავნება – მმართველი პარტიის და ოპოზიციის სახელით.
ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ხელისუფლების რეზოლუციაში ვერ ნახავთ.
მათ მიიღეს მითითება- ამ ფაქტს სხვანაირად ვერ ვხსნი. ამ რეზოლუციის თანაავტორი ,,რესპუბლიკური პარტია” არ იქნება. – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი მათ ცალკე შეიმუშავონ და პარლამენტში დაარეგისტრირონ.