საქართველოში “ომიკრონით” ახალინფიცირებულთა მაჩვენებელმა თითქმის 10 ათასს მიაღწია, რის გამოც საგანგაშო პროგნოზები მატულობს.
მიმდინარე კვირას ეპიდემიოლოგები ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას ვარაუდობენ. უფრო მეტიც, მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულზე კოვიდის კიდევ ერთი ახალი შტამი გაჩნდება და იმედოვნებენ, რომ ის “ომიკრონზე” სუსტი აღმოჩნდება. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორი კი უკვე გადატვირთულია. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა საავადმყოფოებს. უცვლელი რჩება ყველა რეკომენდაციები.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ამბობს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ვირუსის პრევენციას მოახდენს, უნდა იყოს გამოყენებული.
“უკანასკნელი მონაცემებით ვხედავთ ყოველდღიურად გაზრდილ სტატისტიკას. რა თქმა უნდა, არის ალბათობა ინფექცია კიდევ გაიზარდოს, ეს მოსალოდნელია იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში. ყველა პრევენციული ღონისძიება კომბინირებულად უნდა იქნას გატარებული, რათა შეწყდეს ან შემცირდეს ინფექციის გავრცელების ჯაჭვი,” – აცხადებს ნათია გორდაძე “რუსთავი-2”-თან საუბარში.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, “ომიკრონი” განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული და აქვს ქრონიკული დაავადებები.