რუსეთის ხელისუფლება გეგმავს უკრაინაში პრორუსი ლიდერი დააყენოს

0
226

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია,’რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას.

გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავს უკრაინაში პრორუსი ლიდერი დააყენოს, ვინაიდან, განიხილავს უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შესაძლებლობას. უწყება ამბობს, რომ პოტენციურ კანდიდატად განიხილება უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი, ევგენი მურაევი.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დაზვერვა ინარჩუნებს ურთიერთობას ბევრ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან”, — აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავრცელებს ჩამონათვალს:

  • სერგეი არბუზოვი — 2012-2014 წლებში უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს;
  • ანდრეი კლუიევი — 2010-2012 წლებში პირველი ვიცე-პრემიერი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის აპარატის ყოფილი უფროსი;
  • ვლადიმირ სივკოვიჩი — უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • მიკოლა აზაროვი — 2010-2014 წლებში უკრაინის პრემიერმინისტრი.

ბრიტანეთის საგარეო ამბობს, რომ რამდენიმე მათგანს აქვს კონტაქტი რუს მზვერავებთან, რომლებიც ახლა მონაწილეობენ უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში.

“დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათელს ხდის რუსეთის მოქმედებების მასშტაბურობას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, იძლევა კრემლის განზრახვის დანახვის საშუალებას. რუსეთმა უნდა შეამციროს ესკალაცია, დაასრულოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და წავიდეს დიპლომატიის გზით. როგორც არაერთხელ განუცხადებია დიდ ბრიტანეთსა და ჩვენს პარტნიორებს, უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა იქნება დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც გამოიწვევს მძიმე შედეგებს”, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით.

 

 

წინა სტატია23 იანვარი: დადასტურდა კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი
შემდეგი სტატიასაქართველოში ვხედავთ უკუსვლას, უნდა გავზარდოთ ზეწოლა რეფორმების გატარების კუთხით – სენატორი მერფი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური