19 იანვარს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან გამიჯნა უკრაინაში რუსეთის “მცირე შეჭრა” და “შეჭრა”. ბაიდენის ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.
“მცირე შეჭრა” ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. აშშ მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს.
ბაიდენის თანახმად, ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში მიღების ალბათობა ძალიან მცირეა და მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ როგორც დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ასევე სხვა ბევრი მიმართულებითაც.“
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წლის შემაჯამელი პრესკონფერენციის შემდეგ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად უთხრა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, ეს განახლებული შეჭრაა და აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გამოცდილებით იცის, რომ სამხედრო მოქმედების გარდა რუსეთს აქვს აგრესიული მოქმედებების ფართო კრებული, ეს მოიცავს კიბერშეტევებს და ნახევრადსამხედრო ტაქტიკებს. მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ ქმედებებზე იქნება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი.” – თქვა ფსაკიმ.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივანი ჯონ ბოლტონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომელზეც ბაიდენმა ერთმანეთისგან გამიჯნა უკრაინაში რუსეთის “მცირე შეჭრა” და “შეჭრა”.
“უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენს საკუთარი პოლიტიკა ესმის? არ იცის, რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში “მცირედ შეიჭრება”? ეს გრავირებული მოსაწვევია პუტინისთვის.” – წერს ბოლტონი Twitter-ზე.
აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმანი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ამბობს, რომ ღრმად არის შეწუხებული პრეზიდენტ ბაიდენის კომენტარით, ,,ეს ამ საფრთხის აღქმის არასწორი გზაა – უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც დიდი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.