ინალ არძინბამ ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება აკრძალა

0
573

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მათი პროექტები გააკრიტიკა, ხოლო ნაწილის, მათ შორის, ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება აკრძალა.

როგორც დე ფაქტო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, არძინბა შეხვედრაზე ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) პროექტის განხორციელების საკითხს შეეხო, მას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი “მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა”.

“ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა, აფხაზებსა და ქართველებს შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირ დიალოგის ჩამოყალიბება. ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე მიუღებელია. ჩაიწერეთ და ასეთი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ უფლებას არ გაძლევთ, რომ ეს გააკეთოთ”, — თქვა მან.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, არძინბამ UNDP-ის წარმომადგენელებსაც აუკრძალა პროექტების, კერძოდ, სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება და აღნიშნა, რომ ამის უფლება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს აქვთ.

“მინისტრი აფხაზეთის მოქალაქეებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების თემას შეეხო, რომელმაც შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხები წამოჭრა და საქართველოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შეისწავლა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 17 ნოემბერს გახდა. არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა. არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში ახალგაზრდობის საქმეების საბჭოს თავმჯდომარე. 2014–2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში.

გარდა ამისა, ის ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. უკრაინული მედია მას უკრაინაში ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის უშუალო ლიდერს უწოდებს. კერძოდ, მას ბრალი ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებაში და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო “ბესარაბიის” ფორმირების უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში, აგრეთვე, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში

წინა სტატიაპროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა იწურება, შოთაძის უწყებამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად
შემდეგი სტატია6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური