კულტურის სამინისტროს განცხადებამ ძალიან ბევრს, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა

0
299
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს პასუხად ამბობს, რომ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში დაშვებული შეცდომის გამოსწორება იგეგმებოდა გასწორების ფურცლის დართვით, რაც მისივე თქმით, უწყებისთვის “საკმარისი არ აღმოჩნდა”. როგორც ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს მუზეუმის ბიუჯეტი მცირეა და ჩასწორებული ტირაჟის გამოცემა ვერ მოხერხდება. ამასთან, მისივე თქმით, სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

“ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.

ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავაბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით “მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად”.

მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში.

ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მითუმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს”, – წერს ბაქრაძე.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თქმით, კულტურის სამინისტროს დღევანდელმა განცხადებამ ძალიან ბევრს, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

“არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე” მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც “საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა”. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია”.

ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები “მივაკუთვნო”?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან “გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას” და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ “რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა”, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით “სისტემისთვის” საფრთხის შემცველია”, – წერს ბაქრაძე.

დღეს, 17 იანვარს, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში შეცდომაა – ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს არის მიკუთვნებული. კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ლაშა ბაქრაძეა, შესაბამისად, მასთან ამ საკითხის “სერიოზულად განხილვას” გეგმავს მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება. 

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მათთან ამასთან დაკავშირებით მოქალაქეთა “აღშფოთებული წერილები” შევიდა. 

წინა სტატიასააკაშვილის წამება – ექსპრეზიდენტის ადვოკატები სრული ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოგვცემს სამართლებრივ ბერკეტებს სრულად გავეცნოთ საქმის მასალებს – გიორგი მშვენიერაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური