ზუგდიდში ბიუჯეტის ფულით მანქანაში ავზზე მეტი მოცულობის საწვავი 863-ჯერ “ჩაასხეს” – აუდიტი

0
338

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში არსებობს საწვავის არასამსახურებრივი მიზნებით გამოყენების რისკები. ეს დასკვნა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლის ხარჯების შესწავლის შედეგად დადო. კვლევა 2021 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდა.

დოკუმენტების შემოწმების შედეგად აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მანქანებში ავზზე მეტის მოცულობის საწვავი არაერთხელ “ჩაასხეს”. ასეთი 800-ზე მეტი შემთხვევა იყო.

“გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145,1 ათასი ლარის ღირებულების საწვავი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.აქვე მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, მათ შორის მანქანის ნომრების მითითებით.

გარდა ამისა, კვლევაში გამოკვეთილია შემთხვევები, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმაა მითითებული. ამ შემთხვევაშიც მითითებულია მანქანის ნომრები.

ანგარიშის კიდევ ერთი მიგნება ის არის, რომ მუნიციპალიტეტი რეკომენდებულზე 18-ჯერ მეტ მანქანას მოიხმარდა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8-10 სამორიგეო ავტომანქანის გამოყენება, თუმცა იყენებდა 181-ით მეტს.

 

წინა სტატიამეორე სემესტრში დისტანციური სწავლება ისევ ათასობით მოსწავლემ მოითხოვა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 18-ჯერ მეტი მანქანა ემსახურებათ, ვიდრე რეკომენდირებულია – აუდიტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური