Human rights watch: გასული წელი საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უკუსვლად შეაფასა

0
217

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH 2021 წელს აჯამებს. ორგანიზაციამ გასული წელი საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უკუსვლად შეაფასა.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი მედიის თავისუფლებას ეთმობა. ამ კუთხით ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე არაერთი თავდასხმა მოხდა და მედიის თავისუფლება დაქვეითდა.

“ჟურნალისტებმა და მედიის სხვა პროფესიონალებმა 2021 წელს უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს”, – აღნიშნავს Human rights watch.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე არ დაუბრუნებია.

ანგარიშში მოხვდა “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაც, რომლის გამოც 3 ადამიანი დააკავეს.

“5 ივლისს, დაგეგმილი სიამაყის მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მინიმუმ 53 მედიის თანამშრომელს, მათ შორის ტელეარხების TV პირველის, ფორმულა TV, მთავარი არხი, რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო თავისუფლების საქართველოს სერვისი და რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალება. თავდამსხმელებმა გაანადგურეს მედიის ტექნიკა. რამდენიმე ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

როგორც ჩანს, პოლიცია იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ მოხერხდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაცია ცალკე გამოჰყოფს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეს და აღნიშნავს, რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, ორი დღის შემდეგ კი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

“გარდაცვლილი ლაშქარავას ნახვიდან მეორე დღეს, სანამ სიკვდილის მიზეზი სრულად დადგინდებოდა, ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირებით, სისხლის ანალიზის “შუალედური სასამართლო ექსპერტიზის” საფუძველზე. დაწერის მომენტში სასამართლო ექსპერტიზის საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნებულა. ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეჭვქვეშ დააყენეს ნაჩქარევი დასკვნები. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო”, – წერს ორგანიზაცია.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიადადგება ის დღეც, როცა ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში, პირველივე დიდი აქციებისას გავთავისუფლდები — პრეზიდენტი სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური