აშშ-მა მოკავშირეებს სოლიდარობა დაუდასტურა რუსეთის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

0
236

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა, ნატოს წარმომადგენლებს გააცნო საქმის ვითარება გუშინ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე. ამით შერმანმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და დასავლელ მოკავშირეებს შორის ერთობას მიმდინარე კვირის მაღალი რანგის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებებზე განიხილავენ რუსეთის მოთხოვნას, დასავლეთისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, და მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრას.

„მე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ინფორმაცია მივაწოდე გუშინ ჟენევაში სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში რუსეთთან გამართული დისკუსიის შესახებ,“ დაწერა შერმანმა 11 იანვარს ტვიტერში. მანამდე ის ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

„შეერთებული შტატები მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდოს და რეაგირება გააკეთოს უსაფრთხოების კრიზისზე,“ დასძინა მან.

შერმანი ბრიუსელში ჩავიდა ჟენევიდან, სადაც შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან. მასთან გამართულ რვასაათიან მოლაპარაკებებს მან „სერიოზული“ და „საქმიანი“ უწოდა.

შერმანისა და რიაბკოვის შეხვედრა ეძღვნებოდა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრას. დასავლეთი შიშობს, რომ ეს შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ამავე დროს ის ეხმარება სეპარატისტებს, რომლებიც 2014 წლიდან ებრძვიან სამთავრობო ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის იმის გარანტიის თაობაზე, რომ ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთისკენ და არ შეეხოს უკრაინასა და საქართველოს. კრემლს ასევე სურს, რომ დასავლეთმა შეამციროს აღმოსავლეთ ევროპაში ჯარებისა და შეიარაღების განლაგება.

წინა სტატიააშშ ელჩი: ,,არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: “ძალა ერთობაშია!”
შემდეგი სტატიამსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური