“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და და მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოიტანა ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, არაა ბოლომდე კომუნიკაბელური და დღეს მისი განცხადება არ იქნება.
” მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია გაკეთდეს იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, აქვს კუნთების მოდუნება და განლევა წოლისგან. შესაბამისად ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. განცხადებები ხვალ იქნება. კიდევ ახალი დაბრკოლებაა, რომ იგი 2 ადამიანს ჩამოჰყავს საკნიდან და აჰყავს, ახლა უკვე ყველა შეხვედრისათვის ყოველ ჯერზე, ის ჩამოსაყვანი და ასაყვანია, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით” – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით, იგი ყალბი დიაგნოზით გაწერეს. ,,მე ვნახე ფორმა 100, 27-საც და 30-საც. ორივე არის ყალბი, იმიტომ, რომ დადგენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან, იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დიმეტაბოლურ ენცეფალოპათიამდე.
რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა 100, ეს ფორმა 100 შედგენილია გვიან, 30-ში, ზუსტად იგივე შინაარსით, რაც 30-ის არის. 30-ის ფორმა 100 და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონო გოგორიშვილი (როგორც ჩანს, მან მეორეჯერ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა) არამედ ვინმე ჯეირანაშვილი. ვინ არის, არ ვიცი.
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ისევ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მესამე პრეზიდენტმა ამაზე “გაფრთხილება” უკვე მიიღო, როდესაც გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანის დროს, მას დაემუქრნენ.
გვარამიას თქმით, პრეზიდენტს გადაყვანის მომენტში წინააღდეგობა არ გაუწევია, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლით. წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევამ მაგრამ გაცნობიერებული ჰქონდა , რომ, როგორც წინა ჯერზე აღელვების შემთხვევაში შეიძლება, უარესი დამართნოდა. ის კი უთხრეს, რუსთავში მიგვყავხარ, მაგრამ ,,ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო”. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. ანუ თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო.
,,ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს ასეც მოხდება. ამასთან უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება მოელის – ამ ხელისუფლების დასასრული რომ ახლოს არის, ეს თვითონაც იციან ძალიან კარგად.
ამ წუთში ამ ეტაპზე ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა, თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება, ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება”, – თქვა ნიკა გვარამიამ. – დარწმუნებული ვარ ყველას, ვინც მონაწილეობს სააკაშვილისადმი არადამიანურ მოპრობასა და წამებაში, სულ მალე მოუწევს პასუხისგება, პრეზიდენტი კი მალე დატოვებს აქაურობას” -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჯერჯერობით პრეზიდენტთან რჩებიან მისი სხვა ადვოკატები და მასთან ერთად ამუშავებენ პროცედურულ საკითხებს