ნაგავსაყრელიდან ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვისთვის 4 პირია დაკავებული

0
295

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის 4 თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი უვარგის და ვადაგასულ ხორცპროდუქტებსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს”, – წერია უწყების განცხადებაში.

ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი.

საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

წინა სტატია61 გარდაცვლილი და 2 514 ახალი შემთხვევა – 29 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაპარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური