სააკაშვილი არ შიმშილობდა, მსოფლიოში არ არსებობს, 50 დღე ადამიანმა იშიმშილოს – კალაძე

0
415

თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ისევ იმეორებს მისი გუნდის მესიჯბოქსს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში მკურნალობს, ციხეში არ შიმშილობდა.

იმედის ეთერში, გადაცემა იმედი Live-ში საუბრისას კალაძე ამტკიცებს, რომ “წარმოუდგენელია ადამიანმა 50 დღე იშიმშილოს”. ამის არგუმენტად მას პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები მოჰყავს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებითა და მათივე მიწოდებით, სამედიცინო ოთახში იღებს საკვებ დანამატს.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა. ჩვენ კადრებიც ვიხილეთ, თუ როგორ მიირთმევდა ის საკვებს და თავიანთი ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ, რომ საზოგადოებას ჩაუნერგონ მესიჯი, თითქოს სააკაშვილი შიმშილობდა. არ არსებობს, წარმოუდგენელია, 50 დღე ადამიანმა იშიმშილოს, შეუძლებელია. მსოფლიოში არ არსებობს ეგეთი ფაქტი. ვიდეო ფაქტების სახით ვიხილეთ, როგორ მიირთმევდა საკვებს.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მდგომარეობას, მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს შიმშილობაზე, უნიჭო თეატრს დავარქმევდი, არ ვიცი, რა უნდა მოყვეს ამას, რა შედეგს ელოდებიან. ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით, ყველაფერს კადრულობენ”, – თქვა კალაძემ.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და შემდეგ გლდანის ციხის კლინიკაში 50 დღე შიმშილობდა.

შიმშილობა მან იმ პირობით შეწყვიტა, თუკი სამკურნალოდ მხოლოდ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ. გორში გადაყვანამდე ერთი დღით ადრე გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ადვოკატებთან შეხვედრაზე მყოფმა ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა და წაიქცა. ის კოლაფსიდან ციხეში მისულმა რეანემატოლოგმა გამოიყვანა.

წინა სტატიაჩარლი ჩაპლინს პირველი სტუდიის აშენებაში ბაბუაჩემიც ეხმარებოდა – ბერი ნიკოლოზი
შემდეგი სტატიაIII კვარტალში კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინებისა კი – 7.3%-ით გაიზარდა  
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური