მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო – სალომე ზურაბიშვილი

0
282

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო – სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.

“დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს – ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.

ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია.

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება დღეს, აქაც არის ამ ტრადიციის დაკარგვის და რაღაც სრულ პოლარიზაციაზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც არცერთ დარგს არ ტოვებს ამ პოლარიზაციის გარეთ. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვრცელდება დღევანდელ დღეს.

მე არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ეს ადვილი პროცესია, ან ხვალვე რამე შედეგს დავდებთ, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ქვეყანასთან ერთად ჩიხურ სიტუაციაში ჩავიძირებით. ამიტომ, მე მინდოდა თქვენთანაც ამ ინიციატივის გაზიარება და თქვენი მხარდაჭერის იმედის გამოხატვა.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაულები და ვისურვო, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, რაც ამ პატარა ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და იყოს სამაგალითო, როგორც იყო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიღებას ესწრებოდა ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებული შეხვედრები კი ათონელის რეზიდენციაში გრძელდება. ზურაბიშვილი დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად შეხვდა.

წინა სტატიაენმ-ის ოფისში კარვები გაიშალა | უპრეცენდენტო შიმშილობის აქცია რეგიონებსაც მოიცავს
შემდეგი სტატია300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას- ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური