რუსი ოკუპანტებისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ყოფილ სამხედროს მამუკა ჩხიკვაძეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს მოინახულებენ.
“წითელმა ჯვარმა უკვე დაიწყო პროცედურები, იმისთვის, რომ მოხდეს მისი შესვლა მამუკა ჩხიკვაძესთან, ეს უნდა მოხდეს უახლოეს საათებში, მაქსიმუმ დღეებში. ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ შესვლას, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება დღეს ან ხვალ და წითელი ჯვარი გამოიტანს უკვე რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას მის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – თქვა ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ.
ცნობისთვის, ჩხიკვაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 12 დეკემბერს გახდა. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
არის ეჭვი, რომ ის ნაცემია, რადგან “მთავარის” ინფორმაციით, ოკუპანტებს ის “შავ სიაში” ჰყავთ შეყვანილი, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი. მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.