თემურ ალასანია: “ბრძოლაზე უარი არ იქნება- მას ვერ გატეხავენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ ბრძოლაზე უარი თქვას

0
349
თემურ ალასანია ტვ პირველის ,,შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე და მის მოლოდინებზე საუბრობს. ეს არის  პირველი ინტერვიუ სააკაშვილის ბიძასთან, რომელიც 11 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მისიით დაბრუნდა. 
ალასანიამ დიშვილის პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, ოჯახური ტრადიცია არც ახლა დაარღვია და სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოში, ოჯახში დაბრუნდა. ალასანია იმედს გამოქვამს, რომ პენიტენციური სამსახური მას 21 დეკემბერს ოჯახის წევრის მონახულების საშუალებას მისცემს. 

xxx

თემურ ალასანია პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილს ბრძოლაზე უარს ვერავინ ათქმევინებს: 

“მიშა გაძლებს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა – ამის პირობას გაძლევთ მე, თემურ ალასანია, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს მას”- აცხადებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ბიძა. 

ალასანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობს, პირდაპირ ამბობს, რომ “ბრძოლაზე უარი არ იქნება”:

მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ მიშამ ბრძოლაზე თქვას უარი – ეს სრული ოქსიმორონია, ბრძოლაზე უარი არ იქნება”- აცხადებს თემურ ალასანია. 

xxx

ის იხისთვის ემზადებოდა, მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვქონია. ალასანიას თქმით, სააკაშვილს მისთვის სამშობლოში დაბრუნების მარშრუტი არ გაუმხელია, რითაც პროფესიით იურისტმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრი დაიცვა, რომ მას ცრუ ჩვენება არ მიეცა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ ჩამოვალო, მას შემდეგ მე მიშა არ მინახავს”- ამბობს ალასანია და იქვე განმარტავს, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილს სააკაშვილი გასულ წლებშიც გამოთქვამდა და მაშინ მასთან ამ საკითხზე უსაუბრია, და ეუბნებოდა, რომ “ეს იყო რისკი და ასეთ ნაბიჯს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს”.

“გარანტიებში არ ვგულისხმობ, რომ არ დაგიჭირონ, არამედ, იმ მონაკვეთში ეს შენი ნაბიჯი სათანადოდ იქნება შეფასებული საზოგადოების მიერ და აღქმული იქნება, როგორც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი”- აცხადებს ის

xxx

კითხვაზე ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამჯერად გარკვეული გარანტიები, ალასანია ამბობს, რომ ასეთის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

ვცდილობ, რომ რაღაცნაირი ექსტრაპლაცია გავაკეთო, რაც მაქვს, მაგრამ მინიშნებითაც ვერ კი მივდივარ იმ დასკვნამდე, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა, ეს ერთი და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ამას დაიჯერებდა. არ მეგულება დღეს ისეთი ვინმე, ვის გარანტიასაც დაუჯერებდი”- აცხადებს ალასანია. 

მისი თქმით, თავის დროზე (ოპოზიციის მხრიდან) იყო გარკვეული საუბრები, რომ “თქვენ გელოდებიან, ჩამოსვლა იქნება ძალიან დროული”.

ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი. ვერ შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას. მესამე ნაწილი პირდაპირ იმუქრებოდა – ძირითადად ეს მუქარა ხელისუფლებისგან მოდიოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიღაცა ერთმა მოატყუა, შეაცდინა, შეუძლებელიამიშას შეცდენა ძალიან ძნელია”

xxx

 მიხეილ სააკაშვილს, მისი პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია .   რატომ? – იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი შესაძლებელს აკეთებს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენს თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი?! თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. კი, აკეთებენ შესაძლებელს, პატრიოტიზმი პირადულზე უარის თქმა არის… შესაძლებლობები, ობციები არის ძალიან ბევრი, სხვადასხვა. დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში შედეგი გამოიღო”– განაცხადა  ინტერვიუში თემურ ალსანიამ. 

xxx

აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას? თემურ ალასანია ამბობს, რომ   მას “მშვენივრად, კარგად” იცნობს, მაგრამ  საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობას პროტოკოლის დაცვა სჭირდება.

თემურ ალასანია აცხადებს, რომ ზურაბიშვილს კრიზისის მოგვარება შეუძლია.  ,,კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება მის ხელში იყოს, თუ პრეზიდენტი გამოიჩენს მოქალაქეობასა და ვაჟკაცობას. თუ მას ეყოფა სიმართლისადმი ლოიალობა, მაშინ კი, შვხვდები”- თქვა ალასანიამ. 

მისი თქმით, სააკაშვილს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება, ამიტომ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მზად არის ყოველგვარი პროტოკოლი დაარღვიოს და ყველას შეხვდეს, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია.

,,მზად ვარ ვეკონტაქტო ყველას, დავარღვიო ყველანაირი პროტოკოლი, წავიდე ყველანაირ პირადულ დამცირებაზე ოღონდ მივაწვდინო ხმა ისეთ ადამიანს, ამ საკითხის გადაწყვეტას საკუთარ თავზე აიღებს”- დასძინა მან. 

xxx

კითხვაზე, მიდის თუ არა არაფორმალური საუბრები ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომ მას გაუშვებენ უკან უკრაინაში, თემურ ალასანიამ თქვა, რომ ასეთი საუბრების შესახებ ჯერ არ იცის, თუმცა იქვე დასძინა – “იმედი მაქვს, ეს საუბრები შედგება”. 

ამასთან “შაბათის ეთერის” სტუდიიდან  ურჩია დისშვილს,  დათანხმდეს საზღვარგარეთ მკურნალობას და დროული სამედიცინო დახმარება მიიღოს. 

“მე ვურჩევდი, რომ საქართველოდან წავიდეს და საზღვარგარეთ დროული მკურნალობა მიიღოს. ჩვენ შეჯიბრება არ გვაქვს ივანიშვილთან, ან მთავრობასთან ან ოპოზიციასთან, ჩვენ დღეს ვეჯიბრებით დროს. წამზომი ჩართულია. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება”-  აღნიშნა პრეზიდენტის ბიძამ. 

xxx

თემურ ალასანიამ ილაპარაკა  დღევანდელ გამოკითხვაზეც, თემურ ალასანია 2018 წელს უკრაინულ საიტზე ატვირთულ აუდიოჩანაწერებს გაყალბებულის უწოდებს . მესამე პრეზიდენტის ბიძამ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს მტკნარ სისულელეს უწოდებს.

“სისულელესაც აქვს თავისი გრადაცია – არსებობს უბრალოდ სისულელე, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტყუილი, დაუჯერებელი, ყოველგვარ ზღვარს გადასული ტყუილი და ბოლოს არის მტკნარი სისულელე. მისი თქმით, მას არ ეკუთვნის სიტყვები – “გადავუხდი მილიონს ადამიანს, ვინც სნაიპერული შაშხანით მოკლავს ბიძინა ივანიშვილს” “არის ადგილები, სადაც მე ჩემი ხმა ვერ ვიცანი, პირველად მოუსმინე დღეს”- ამბობს სააკაშვილის ბიძა. “როგორ გგონიათ, ჩემი პროფესიის, ჩემი გამოცდილების ადამიანი ისაუბრებს ამ ტერმინოლოგიით?!”- თქვა ალასანიამ. 

xxx

 მისი თქმით, გამოკითხვაზე “საქართველოს მოქალაქეების” გინებაზეც კითხეს. პრეზიდენტის ბიძა ჩანაწერის ამ ნაწილსაც ფალსიფიცირებულს უწოდებს.

“ქართველი ხალხისთვის არ მიგინებია!” – აცხადებს ის და ამტკიცებს, რომ ჩანაწერი დაუმონტაჟეს, რადგან მისი განეიტრალებით, სააკაშვილს ანეიტრალებდნენ. 

xxx

ცდილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას? – ნოდარ მელაძის ამ კითხვას პატიმარი პრეზიდენტის ბიძა უარით პასუხობს

თემურ ალასანია ირწმუნება, რომ საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს არ დაურეკავდა. 

“დარწმუნებული ვარ, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ… შეუძლებელ რამეს მეკითხებით”- ამბობს ის და დასძენს, რომ საუბარია ორ განსხვავებულ ფენოტიპზე, რომლებიც სხვადასხვა სიბრტყეზე არსებობენ.

ვერ ვხედავ საუბრის საგანს. დაერეკა იმიტომ, რომ ეთქვა – გამარჯობა, ბატონო ბიძინა, მე ვარ ბატონი მიშა? ან მე ჩამოვედი და მერე რა?! “- აცხადებს ალასანია და იქვე დასძენს, რომ მესამე პრეზიდენტს რომ სდომოდა, მას ვერ დააკავებდნენ. 

“მან ანახა რამდენიმე მომენტი – ანახა რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი საერთოდ მოსპო. მეორე – მან გააქარწყლა ის მოსაზრება, რომ ის ვინმეს ატყუებს. მიშა არასდროს არავის ატყუებს”- დასძინა პრეზიდენტის ბიძამ. 

 

 

წინა სტატიაშეხვდა თუ არა დანამდვილებით და რა თხოვა ირაკლი ღარიბაშვილმა  ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიათბილისში, ნუცუბიძის პლატოზე17 წლის ბიჭს ჯგუფურად გაუსწორდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური