“ტონი შეცვალოს…” – ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე გახარიას პარტიიდან

0
248

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც 17 დეკემბერს გამართულ მეორე სხდომაზე აირჩიეს – ენმ-მ სხდომა მალევე დატოვა, თავმჯდომარეობის კანდიდატი კი პარტიამ “საქართველოსთვის” წარადგინა, თუმცა, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ არც კანდიდატურის დაყენებასა და არც წარდგენილი გიგა ფარულავასთვის მხარდაჭერას და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

“თქვენ ძალიან მაღალი თამას აგაქვთ, ცოტა დაუწიეთ, მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ 80% კოალიციას ქმნიდეს 20%-თან. აირჩიეთ ან ნაციონალური მოძრაობა, ან ქართული ოცნება: ორივე ერთად არ გამოვა”, – განაცხადა “ოცნების” წარმომადგენელმა ჯონი ჯიქიამ.

პასუხად პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ სამივე პარტიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და შეთანხმება მოახერხა. მანვე “ოცნება” და ენმ ზუგდიდის ინტერესებზე წინ საკუთარი პარტიული ინტერესების დაყენებაში დაადანაშაულა.

გიგა ფარულავას პოზიციას გამოეხმაურა დეპუტატი ენმ-დან, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე და მას ტონის შეცვლა ურჩია:

“ზუგდიდის საკრებულოს სხდომას ჩვენ არ ვესწრებით. სხდომა ისევ ჩაიშალა.
გახარიას პარტიიდან ფარულავას ავიწყდება რომ სულ ცოტა ხნის წინ ყველა კორუფციული გარიგების და ნეპოტიზმის ნაწილი იყო ზუგდიდში, ქართული ოცნება მაღალი ფასეულობების გამო არ დაუტოვებია, პირადი ინტერესის გამო დატოვა, ამიტომ სანამ ნაციონალურ მოძრაობასთან ექნება რამე სახის პრეტენზია ვინმე უფრო გამოცდილმა აუხსენით რომ ცოტა ხნის წინ ვიცე მერი იყო. მითუმეტეს ჩვენი ხმები სჭირდება და ტონი შეცვალოს.
ქოცებთან ისედაც გასაგებია”, – წერს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 წევრია. აქედან 22 დეპუტატი ენმ-ს ჰყავს, 20 “ქართულ ოცნებას”, ხოლო 3 – გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, ასე რომ, უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერ ქმნის.

წინა სტატიაჯო ბაიდენი: „ომიკრონ“ შტამი აქ არის, ამ ზამთარს მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა გველოდება
შემდეგი სტატია“ჩვენი (თ)ვალი გაქვთ!” – “დროას” პროტესტი ზუგდიდის საკრებულოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური