უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის რეალური ევროინტეგრაციის დრო მოვიდა – კუბილიუსი

0
230

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთისთვის რეალური ევროინტეგრაციის დრო მოვიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვეყნები დასავლეთმა არ უნდა გაწიროს და რუსეთის პრეზიდენტის მუქარას არ უნდა დაემორჩილოს.

საქართველო 2008, უკრაინა 2014 წელს და ახლა ისევ. კვლავ დაემორჩილება დასავლეთი პუტინის მუქარებს? ამ ქვეყნების მომავლის გაწირვა არ შეიძლება. მოვიდა დრო რეალური ევროინტეგრაციისა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის”, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

  მან ეს თეზა განავრცო სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინა დღეს, სადაც მან  რუსეთიდან მომავალ აგრესიაზე და საქართველოსა და უკრაინისთვის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, “პუტინის დამშვიდების პოლიტიკას” მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოყვება.

“პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის და არა უკრაინელებისთვისა და ქართველებისთვის.

მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით?

მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიაში კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავლით და დასავლეთი დანებდა.

ახლა პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს. მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ?

თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარაა საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ კრემლის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ, ასევე უნდა წავიწიოთ წინ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე.

ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დამშვიდებას.

2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად NATO-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

ახლა ვხედავთ, ამ დამშვიდებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა 21-ე საუკუნეში რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება”, – განაცხადა კუბილიუსმა.

 

 

წინა სტატიაზუგდიდის ცენტრში მანქანა ერთ-ერთ აფთიაქში შევარდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისსა და აჭარაში – დაკავებულებს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას,ე.წ. ქურდული “საერთოს” შეგროვებას და  ქურდული გარჩევების ორგანიზებას  ედავება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური