ღარიბაშვილს უშვებენ, ვინ არის შესაძლო პრემიერი და რა კავშირი აქვს ივანიშვილთან და… განმუხურის ,,არაშენდა” სასტუმროსთან?

0
402

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს. თანაგუნდელები არ ადასტურებენ, თუმცა,შაბათის ფორმულასთვის ცნობილი ხდება, რომ ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს. 

სავარაუდოდ ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. 

ქარსელაძე წლებია  ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მუშაობს.  ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების პარალელურად ოლიგარქის კერძო ბიზნესშიც ირიბადაა ჩართული. მის სახელს უკავშირდება ტურიზმის განვითარების ფონდი, ასევე ბიძინა ივანიშვილის სასტურმო პარაგრაფი, შეკვეთილში, თბილისი პანორამა და ბევრი სხვა კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დროს სწორედ ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდა. მისი ხელმოწერაა მსხვილ გარიგებებზეც, მათ შორის სახელმწიფო ქონებების შესყიდვაზე.

შაბათის ფორმულას აუდიტის სამსახურიდან წყარომ მიაწოდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირაკლი ქარსელაძისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაგალითად, საქმე ეხება განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გასულ წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ აქ დღეს მხოლოდ 6 სართულიანი შენობის კარკასი, არმატურები და დაცვის სამსახური დაგხვებათ. ტერიტორია შემოღობილია და ზღვის სანაპიროზე არავის უშვებენ. 

 საქმე ისაა, რომ   კომპანია ბლექსი რივიერამ, რომლის დირექტორიც ქარსელაძე იყო, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო მილიონზე მეტი ლარით აზარალა. ბლექსი რივიერას სპეციალურად მიღებული კანონის შესაბამისად, ყველა დარღვევა და ჯარიმა ეპატია. 

უფრო დეტალურად: 

34 ათასზე მეტი კვადრატული მიწა ზღვის პირას – ივანიშვილის კომპანია – ბლექსი რივიერამ 2016 წელს სახელმწიფოსგან აუქციონზე შეღავათიან ფასად, 2 266 500 ლარად შეიძინა. . ამ ხელშეკრულების თანახმად, ბლექსი რივიერას,  2020 წელს 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. საინვესტიციო თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო 1 316 728 ლარით აზარალა. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბლექსი რივიერა და ტურიზმის განვითარების ფონდი ივანიშვილის ერთადერთი ქონება არ არის, რომელსაც ქარსელაძე კურირებდა. ოლიგარქის ქონების მართვაში მას საჯარო მოხელის სტატუსი ხელს არ უშლის. ირიბად დღემდე ყველა ფინანსურ ანგარიშგებას აკონტროლებს. ქარსელაძის სახელი უკავშირდება პარაგრაფ შეკვეთილს, შპს ბლექსი რიზორთს, ოლდ სითის, სოლოლაკი რაიზს, თბილისი სითის და სხვა კომპანიებს. ყველა ოლიგარქის საკუთრებაა. მსხვილ გარიგებებში და სახელმწიფო ქონების შესყიდვებში კი სწორედ ქარსელაძის გვარი ფიგურირებს.

თანაინვესტირების ფონდში შეუსრულებელი ვალდებულებები პანდემიას გადააბრალეს. თუმცა, პანდემია 2020 ში გამოცხადდა, იქამდე კი, ბლექსი რივიერას მინიმუმ 3 წელი ჰქონდა მშენებლობის დასრულებისთვის. 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ელიტური კორუფციის გამოვლენა, საქმე შეისწავლა, თუმცა დოკუმენტში არ მოახვედრა.

 

წინა სტატია,,თუ სალომე ზურაბიშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, სააკაშვილი ჩვენი მხრიდან ციხეში არც ერთი წუთს აღარ გაატარებს” -მოსამართლე ორკოდაშვილი
შემდეგი სტატია,,ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როცა ის იქ არაა” – გიგი უგულავა მოსამართლე ორკოდაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური