ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

0
300

ხმაურის, დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფონზე ზუგდიდის 2017 წლის საკრებულომ, რომელსაც ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ მერსა და მერის მოადგილეებს ხელფასები გაუზარდა. ოპოზიციის პროტესტისა და ხმაურის ფონზე ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერმა მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაზარდეს, მათ შორის, მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასები გაზრდილია, “სადღაც 1000 ლარიდან”.

“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურადაა ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი.

პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერებიც. მერის და მერის მოადგილეებისთვის გაზრდილია სადღაც 1000 ლარიდან”, – თქვა მამუკა წოწერიამ, რაზეც ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ მიიჩნიეს საჭიროდ, ეს თანხა პროექტებზე გადაენაწილებინათ? ამაზე წოწერიამ უპასუხა, რომ პროექტებზე უკვე გადანაწილებულია და “ის პროექტები ვერ შეიქმნება, თუ ამ ადამიანებს არ ექნათ შესაბამისი შემოსავალი, სახელფასო ჯამაგირის სახით”.

ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

ოპოზიციის განცხადებით, ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია.

წინა სტატიაზუგდიდში აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატია5 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური