საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას სხვადასხვა საერთაშორისო, გავლენიანი მედიასაშუალება ეხმაურება.

გამოცემა Bloomberg წერს, რომ ციხეში მოშიმშილე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყანამ 18 წლის წინ არჩეულ ევროპულ გზას გადაუხვია.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 49 დღეა შიმშილობს და არაფერს ჭამს. მათივე ცნობით, 53 წლის მესამე პრეზიდენტმა დღის განმავლობაში გონება დროებით დაკარგა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

Euronews კი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათს წაიქცა და გონება დაკარგა მაშინ, როცა მასთან ციხეში ადვოკატები იყვნენ შესული. მათივე ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. გამოცემა იუწყება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და გლდანის ციხეში მისი სამედიცინო საჭიროებები არ დაკმაყოფილდება.

მათივე ინფორმაციით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და მასზე ინტენსიური ზრუნვის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა ამაზე მთავრობა უარს ამბობს. Euronews წერს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა იმისთვის, რომ უკრაინაში, დევნილობაში წლების გატარების შემდეგ, ოპოზიციის მხარდაჭერა გაეძლიერებინა.

გამოცემა ABCnews-იც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდკვირიანი შიმშილობის შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესებას ეხმაურება Deutsche Welle-ც. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მან ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საკაცით გაიყვანეს, მასთნ კი მისი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია დარჩა