,,სასამართლოში ეტაპირების საფრთხე “თითიდან გამოწოვილი მიზეზია” – პეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატი

0
322

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის  ბექა ბასილაიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში ექსპრეზიდენტის არმიყვანის შესახებ განმარტებაში ეტაპირების საფრთხე “თითიდან გამოწოვილი მიზეზია”. მისივე შეფასებით, განცხადებიდან ჩანს, რომ სასამართლომ შაბათს უკვე იცოდა, რომ არ იგეგმებოდა სააკაშვილის პროცესზე დასწრება.

“ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. პირველად, როდესაც სუს-მა გაავრცელა ამასთან დაკავშირებით განცხადება, იყო, რომ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება იყოს პრობლემურიო. მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში და უპრობლემოდ, ყოველგვარი რაღაც ექსცესების გარეშე გადაიყვანეს თუ არა? გადაიყვანეს. ვინმემ შეუშალა ხელი? იყვნენ მოქალაქეები, ვთქვათ, მე-12 დაწესებულების შესასვლელთან ან უკან მობილიზებული? ან გლდანის ციხესთან იყო მობილიზებული? რამეს ბლოკირება, რამის საფრთხის შექმნა მოხდა? არ მომხდარა. შესაბამისად ეს არის მითიური ცრუ საქმე”, — თქვა ბასილაიამ.

პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ისევ არ გადაჰყავს. ამის მიზეზებად ისინი კვლავ “დესტრუქციულ ქმედებებსა და ჯანმრთელობის რისკებს”ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ან სხდომის გამართვა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

დღეს, 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადვოკატების, ასევე, ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო სხდომებს დაესწროს. მიუხედავად ამისა, სასამართლოში ის არც წინა პროცესზე მიიყვანეს. ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახური “დესტრუქციასა და ჯანმრთელობის რისკებზე” საუბრობდა.

ექსპრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ

წინა სტატიაამერიკამ რუსეთს „სილა გააწნა“ – აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში
შემდეგი სტატიაოქტომბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 36,5 ლარით გაიზარდა – საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური