საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროდან მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამარჯვების მოსაპოვებლად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები მრავალრიცხოვანი და მობილური უნდა იყოს.
ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირაში თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს და წერს, რომ ამ აქციაზე ჩამოსასვლელად მთელი საქართველო უნდა დაიძრას.
,,ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინწასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ.
ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას, ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისკენ.
რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.
საჭიროა, განსაკუთრებით ოდიოზური ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენიულ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.
მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ. ასევე, გზა და გზა ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც, რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი, ჩემი შიმშლობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება.
ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე, ნამდვილად არ დამვიწყნია, ან რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშლე 24 წლის გოგონა ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის, შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახანს წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშმშლესაც მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.
კიდევ ერთხელ, მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩენი ქვეყანა ჭაობიდან,”- წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი მისმა უფლებდამცველმა, შოთა თუთბერიძემ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ საჯაროდ წაიკითხა.