ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “თავისუფლების კვარტალში”, ასევე სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულების წინ, დღეიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
ბათუმში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მაუკა ხაზარაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე და სხვები. შეკრებილებს უკვე მიმართეს ნიკა მელიამ და მამუკა ხაზარაძემ.
რუსთავის ციხესთან შეკრებილებს მიმართა ზაალ უდუმაშვილმა. ამ წუთებში რუსთავში მიკროფონთან დგას მთავარი არხის პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:
„დღეიდან ყველა პატრიოტი მოდის აქ, რუსთავის ციხესთან და ამბობს, რომ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში… თუ ისინი არ გადაიყვანენ, ჩვენი სიმრავლე მათ იძულებულს გახდის, რომ შეასრულონ ჩვენი პირობა“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
“მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი და ის, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში…” – მიმართა აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
“რას ვაპირებთ? ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, მის გამოსასხსნელად. იმ ბიჭების გამოსახსნელად, ვინც არიან ახლა დაკავებულები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ, შევარჩინოთ ჩვენი არჩევანის თავზე გადახევა”, – განაცხადა ბათუმში ნიკა მელიამ და დაამატა, რომ “კოალიციური ერთობა ისევ ძალაშია”.
“ჩვენი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება. მე ჩემდათავად, კიდევ ერთხელ აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს. დიახ, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენთ და მასაც გავათავისუფლებთ. იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი ამ სახლემწიფოს არ ჰყავს. მე უფრო უპირატესი ამოცანა, ამ ვითარებაში არ მაქვს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო”- თქვა ნიკა მელიამ.
“ადამიანი შიმშილობს და ის იმსახურებს ისეთივე სამედიცინო მომსახურებას, როგორიც სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის ფატალური შეცდომა, რისკენაც მიდიან ეს გიჟები. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი დამოკიდებულება მქონდა მე მის მიმართ მანამდე და მას ჩემს მიმართ მამამდე. დაუშვებელია, რომ ციხესთან ადამიანი მივიდეს და პატიმარს დედა შეაგინოს, ეს არ არის საქართველო, ეს დაუშვებელია! ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთად! ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, ამ ქვეყნის გამთლიანება და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში.
გიორგი კირთაძემ ბათუმში შეკრებილებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაუკითხა:
“მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!
ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!
ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ.
თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.
ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!
თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.
ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ!
აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ, ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!
ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას!”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ბათუმელებისადმი.