,,ვინც,რეალურ ბრძოლას აპირებს, ყველა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, არავის უნდა მივცეთ საშუალება ტკბილად და თბილად გამოიზამთრონ კაბინეტებში!” – აცხადებს, „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ არც ეს პარლამენტია ლეგიტიმური და არც 30 ოქტომბრის არჩევნების აღიარება შეიძლება და, ვინც დღეს პარლამენტში დარჩება და საკრებულოებში შევა, “ქართულ ოცნებას” გაუგრძელებს ქართველი ხალხის, ამ ქვეყნის ძარცვის საშუალებას 2024 წლამდე.
„მუხტიც ვერასოდეს აგორდება, თუ ფლიდობ და სიმართლეს არ ლაპარაკობ, ხალხს ერთს ეუბნები და კაბინეტებში, კულუარებში მეორეზე რიგდები. ამიტომ, ოპოზიციამ ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, შარშანდელი აქციები ასე რომ მინელდა და მთავარი მიზანი „ოცნებასთან“ შეთანხმებებით და გარიგებებით დაასრულეს. შემდეგ, ვინც რეალურ ბრძოლას აპირებს, ყველა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან არავის უნდა მივცეთ საშუალება ტკბილად და თბილად გამოიზამთრონ კაბინეტებში!
იმიტომ, რომ არც ეს პარლამენტია ლეგიტიმური და არც 30 ოქტომბრის არჩევნების აღიარება შეიძლება. ბრძოლა კი დაუღალავი უნდა იყოს, ბოლომდე და მხოლოდ ხალხთან ერთად, ყველანაირი მედიატორების გარეშე! და არა მხოლოდ რუსთაველზე, პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს. მოგებული ქალაქები რომ დავუბრუნოთ ხალხს და ოპოზიციას.
მითუმეტეს, რომ ამ ხელისუფლებასთან ცივილური მეთოდებით ბრძოლა წარმოუდგენელია.
და კიდევ, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ქვეყანაა გადასარჩენი, ხალხს სჭირდება გადარჩენა, ისეთ უმძიმეს პერიოდში შევდივართ“, – წერს დავით ჭიჭინაძე “ფეისბუქზე”.