ცენტრ “ემპათიას” დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ე.წ. ალტერნატიული კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართეს და საკმარისი დროის გასვლის მიუხედავად, პასუხი არ მიუღიათ.
მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, პენიტენციურ სამსახურთან კომუნიკაცია გართულებულია და ამას შეიძლება სკანდალი მოჰყვეს.
„საქართველოს კანონმდებლობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმარს ყველანაირი უფლება აქვს , მიიღოს ალტერნატიული აზრი, აირჩიოს მკურნალი ექიმი და მოითხოვოს და ჩაატაროს მხარის მოთხოვნით ექსპერტიზა.
ჩვენ არაერთი გამოცდილება გვაქვს ციხეებში პატიმრების ექსპერტიზის და შესაბამისად არანაირი იურიდიული საფუძველი ჯანდაცვას და პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია, რომ უარი თქვას აღნიშნული ექსპერტების მიერ სამედიცინო გამოკვლევაზე. ვფიქრობთ, რომ მათ ჰქონდათ საკმაო დრო, რომ ეპასუხათ. მითითებული გვაქვს ტელეფონი, ძალიან კარგად მიცნობენ. შესაბამისად, მათ შეეძლოთ უკვე კომუნიკაცია.
სამწუხაროდ ციხეების ჯანდაცვა და პენიტენციური სამსახური არ გამოირჩევა გამჭვირვალობით – დახურული სისტემაა, ვებგვერდზეც კი არ არის განთავსებული ინფორმაცია. მათთან კომუნიკაციაც კი გართულებულია. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კატასტროფა ქვეყანაში, არა მარტო ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ მთლიანად ციხეების ჯანდაცვა გასულია მომსახურების სფეროდან და შესაბამისად, ის უნდა დაბრუნდეს ლეგიტიმურ ჩარჩოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვება სერიოზული სკანდალი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამსახურს არ ესმის რა რისკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
„არის არტერიული წნევის მერყეობა, ჰიპოკალემია, რაც იწვევს ძალიან დიდი რისკს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან და ასევე ნერვული სისტემის მხრიდან მოსალოდნელია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის განვითარება, გულის რიტმის დარღვევა, გულის გაჩერება, შესაძლებელია მოხდეს იშემიური ხასიათის ცვლილებები თავის ტვინში “, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანი ასევე გამოეხმაურა ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთელი ციხე იცინის, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს და აღნიშნა, რომ კობახიძეს ინფორმაცია იმის შესახებმ თუ რას იღებს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ჰქონდეს და ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას.
მისივე თქმით, ამ თემაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება უნდა დაიწყოს.
„რამდენადაც ვიცი, მან საერთოდ შეწყვიტა ყველაფრის მიღება უკვე რამდენიმე დღეა. მანამდე ის იღებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ დანიშნულებას, რაც კონსილიუმმა განუსაზღვრა. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, კობახიძემ და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმა საიდან იციან, რას იღებს მიხეილ საკაშვილი. იკვეთება უფლებამოსილების გადამეტება კონფიდენციალური ინფორმაციის თვალსაზრისით. ასე, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს და რატომღაც ჩვენ არ გვსმენია მისი მხრიდან ხმამაღალი განცხადება ამის თაობაზე“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.