ნიკა მელიას მიერ დასახელებული კოალიციური გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მმართველმა გუნდმა 20-ვე მუნიციპალიტეტში “დამაჯერებლად” გაიმარჯვა.
ელენე ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან, ამ რიცხვების გამოცხადება წინასწარი ფონის შექმნას ემსახურება. ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს, “ქართულ ოცნებას” აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას, მოეშვას წინასწარ მანიპულირებული ტყუილი განწყობის შექმნას, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
ბადრი ჯაფარიძემ კი თქვა, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს და ახლა ხმების დაცვა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს.
ახლა საჭიროა იმ ხმების დაცვა, რომელიც სამართლებრივად მოიპოვა ოპოზიციამ, ყველა უბანზე უნდა ვიბრძოლოთ. მიმდინარეობს რეალური ბრძოლა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენლები ყველა ხრიკებით ცდილობენ, მოიპარონ გამარჯვება, სადაც არ მოუპოვებიათ, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, “ოცნება” ცდილობს, რომ არჩევნები დამთავრებულად გამოაცხადოს, თუმცა ჯერ პროცესი არ დამთავრებულა. მისი თქმით, ოპოზიციის დამკვირვებლები ხმების დასაცავად იბრძვიან.
ახლა რასაც ქართული ოცნება აკეთებს არის ის რომ წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დამთავრდა და გაუფორმეს გამარჯვება. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე აღვწერე, ყველგან, ყველა უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები იცავენ თითოეულ ხმას, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რა შედეგებიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.